ვახტანგ მაისაია: ევროინტეგრაციის მიმართულებით კურსი შენარჩუნებულია!

ვახტანგ მაისაია: ევროინტეგრაციის მიმართულებით კურსი შენარჩუნებულია!

  ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია მინისტრთა კაბინეტში მომხდარ ცვლილებებზე საობრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულის გამო გარკვეული ტემპები ევროინტეგრაციის მიმართულებით შენელდება, მაგრამ მთლიანობაში, კურსი შენარჩუნდება. აღნიშნულზე  მაისაია "ალიას" ესაუბრა.
  "გარკვეული ტემპები ევროინტეგრაციის მიმართულებით შენელდება, მაგრამ მთლიანობაში, კურსი შენარჩუნებულია. NATO-ს ახალი გენმდივანი აპირებს საქართველოს პრემიერთან შეხვედრას და შეიძლება შეფერხდეს მოკლე პერიოდის მანძილზე. ბუნებრივია, როცა სტრატეგიული პოლიტიკური ფიგურები გადადგებიან, ეს გარკვეულ გავლენას იქონიებს, მაგრამ არა იმდენად, რომ კურსი მთლიანად შეირყეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

  ექსპერტი მაისაია ახლადდანიშნულ თავდაცვის მინისტრის სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ცუდი რეციდივები უნდა აღმოიფხვრას.
  "ამ ეტაპზე პირველ რიგში ცუდი რეციდივები უნდა აღმოიფხვრას, თავდაცვის ახალ მინისტრს ამ კუთხით ძალიან რთული ამოცანა აქვს გადასაწყვეტი. საკმაოდ რთული თემაა, იმდენად ბევრი პრობლემაა. უნდა იქნას შესწავლილი, როგორ ვითარდებოდა ამ 2 წლის მანძილზე შეიარაღებული ძალები. თავდაცვის სამინისტრო არ იყო ღია, ის იყო ძალიან ჩაკეტილი. სამწუხაროდ, ამას განაპირობებდა ის, რომ არასამხედრო საქმეებს ედო გრიფი "საიდუმლო" ისე, რომ საჭირო არ იყო.
  მინისტრმა აუცილებლად უნდა მოიწვიოს აუდიტი, უნდა შეისწავლონ მიმდინარე ტენდერების საკითხები, რადგან ხმაურიანი საქმე დახვდა ტენდერთან დაკავშირებით, გასარკვევია, რა წერია დოკუმენტაციაში, რა ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი. სამინისტრო მუდმივად აწარმოებს შესყიდვებს და აუცილებელია ამ საკითხების შესწავლა. ვფიქრობ, მინისტრი ამას აუცილებლად განახორციელებს იქიდან გამომდინარე, რა განცხადებაც გააკეთა პრემიერმა "სილქნეტის" ტენდერის საქმესთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მას აქვს გარკვეული მისია, შეისწავლოს არსებული სიტუაცია ყველა რაკურსით, რა რეფორმები ხორციელდებოდა თავდაცვის სამინისტროში, შეესაბამებოდა თუ არა ეს რეფორმები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ტემპებს. ბოლოს და ბოლოს, თავდაცვა ბოლო დროს პიარზე იყო გადასული და ყველაფერი შესასწავლია, რა ხდებოდა სინამდვილეში სისტემაში", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 წყარო  "ალია"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: