გიორგი მარგველაშვილი განმარტავს თუ რა იგულისხმება ქვეყნის კულუარულ მართვაში
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, მის განცხადებაში, რომელიც ქვეყნის კულუარებიდან მართვას უკავშირდებოდა, მან ის ვითარება იგულისხმა, რაც თავდაცვის მათალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით განვითარდა.
"როდესაც ეს განცხადება გავაკეთე მე ვიყავი ავსტრიაში და ვადევნებდი თვალ–ყურს იმას, რაც ხდებოდა საქართველოში და იმ დინამიკას, როდესაც ფაქტიურად ქვეყნის წამყვანი ძალოვანი სტრუქტურები, საგამოძიებო სტრუქტურა, თავდაცვის სამინისტრო და ა.შ. იყვნენ ღია ეთერულ დაპირისპირებაში, ეს ხომ არ არის სხვადასხვა ოპოზიციური ძალები ან ხელისუფლების სხვადასხვა შტოები ერთმანეთს ასე ეურთიერთებიან, ეს იყო ვითარება, როდესაც ერთი ჯგუფი, მთავრობის წევრები, თან ძალიან მნიშვნელოვანი წევრები ერთმანეთს ეურთიერთებოდნენ ეთერიდან და ამის უკან, რაღაც ინფორმაცია ტრიალებდა, რომ უკან კიდევ დგას პოლიტიკური პარტიები და ძალები. ერთია, როდესაც აქ ხარ და დამატეტებით ინფორმაციას იღებ, მეორეა, როდესაც ამას უყურებ მედიით და განცხადებების სახით. ბუნებრივია ეს არასასიამოვნო იყო და განსაკუთრებით შემაშფოთებელი, რადგან მე არ ვიყავი ქვეყანაში. ამ ვითარებაში დავინახე ის, რასაც მანამდეც ვხედავდი, რომ ვითარება ხშირად განპირობებულია პიროვნული ფაქტორებით, პოლიტიკური ფაქტორებით და ნაკლებადაა სტაბილურ ინსტიტუტებზე ორიენტირებული",– განაცხადა მარგველაშვილმა "მაესტროს" ეთერით.
კითხვაზე იგულისხმა თუ არა ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ეს განცხადება გააკეთა მარგველაშვილმა უპასუხა, რომ "მთელი სიტუაცია იგულისხმა":
"იმ მომენტში აქცენტი მქონდა არა ბიძინაზე [ივანიშვილი], რადგან არ იყო წინა პლანზე წამოსული ბიძინა, მაგრამ ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა ბიძინას მისვლა, ბუნებრივია მთელი ამ განცხადების აქცენტის გადატანა მოხდა ბიძინაზე, რადგან იგი მივიდა სხდომაზე და მონაწილეობდა მასში, თუმცა იმ მომენტში უფრო მაშფოთებდა ის, რომ პროკურატურისგან ინფორმაციას ფლობდნენ პოლიტიკოსები, ხან ვიგებდით, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ პოლიტიკოსები, ვიგებდით საიდუმლო დოკუმენტებს გრიფი ეხსნება, ან არ ეხსნება. ეს ვითარება იმ მომენტში უფრო მაშფოთებდა, თუმცა ჩემი განცხადების შემდეგ ბიძინა უშუალოდ ჩაერთო ამ პროცესში"– განაცხადა მარგველაშვილმა.
ირაკლი ალასანია პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან 4 ნოემბერს გადააყენა, რის შემდეგაც თანამდებობიდან გადადგნენ სახელმწიფო მინისტრი ევროატრლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, პარლამენტში კი "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიციის რიგები დატოვეს.