თეა წულუკიანი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას მიმართავს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურ გაერთიანება "თავისუფალ დემოკრატებს" დღეს ოფიციალურად დატოვებს. თეა წულუკიანი ამასთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას დღეს მიმართავს.
"მე დღეს მივმართავ ჩემს მეგობარს, ძალიან ძვირფას ადამიანს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას და დავტოვებ ამ პარტიას. მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მივიღე გადაწყვეტილება, რაც მგონია, რომ ამ კონტექსტში დღეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს სასარგებლოდ. მჯერა, რომ რაც არ უნდა იყოს, სიძნელეები, ხარვეზები მთავრობის მუშაობაში, მთავრობას აქვს ერთადერთი კურსი - ეს არის ევროატლანტიკური კურსი. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ - ჩემს მთავრობასთან, მინისტრ კოლეგებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გავაგრძელო ისეთივე დაუღალავი შრომა, როგორსაც იუსტიციის სამინისტრო, თითოეული თანამშრომელი ახორციელებდა ბოლო ორი წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკური კურსისათვის მეც და მთავრობასაც გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო და ამ სამუშაოს ჩვენ ვაგრძელებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.