მიხეილ სააკაშვილმა ქალებისთვის მოიცალა

მიხეილ სააკაშვილმა ქალებისთვის მოიცალა

ქალები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ქვეყნის განვითარების საქმეში, რაზეც საქართველო ინტენსიურად მუშაობს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დავალებათა ელჩთან ქალთა გლობალურ საკითხებში მელანე ვერვერისთან შეხვედრისას განაცხადა. 

 

პრეზიდენტმა ამერიკელი სრუმარი დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. სააკაშვილმა მას, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატების  საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წინსვლა უსურვა. ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობა და თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებში კვლავაც გაგრძელდება. კერძოდ, მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში, ნატოში ინტეგრაციის პროცესში, სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით, დემოკრატიის განვითარების მხრივ და რეფორმების ხელშეწყობის მიმართულებით.

 

მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიმართ, რომელიც ცალსახად და მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

შეხვედრის მთავარი თემა ასევე გენდერული თანასწორობა და რეგიონში ქალთა როლის წინ წამოწევა იყო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქალები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ქვეყნის განვითარების საქმეში, რაზეც, პრეზიდენტის თქმით, საქართველო ინტენსიურად მუშაობს.

 

მელანე ვერვერის თქმით, ამ მხრივ, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და პროგრესიც შეინიშნება. როგორც მან აღნიშნა, ორი ქვეყანა ამ მიმართულებით დიდი ხანია თანამშრომლობს და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს. იგი იმ პრობლემებსაც შეეხო, რომელთა წინაშეც კავკასიის რეგიონის ქალები ამჟამად დგანან და განაცხადა, რომ ქალთა როლის ამაღლების თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მთელი რეგიონის მასშტაბით.

 

მელანე ვერვერი საქართველოში პირველად ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს იმყოფებოდა, ამჟამად კი ქვეყანას კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. საქართველოს გარდა, იგი გენდერული თანასწორობისა და ქალთა როლის ზრდის საკითხებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში, პოლონეთსა და უკრაინაში გამართავს შეხვედრებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: