ევროკავშირი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების გაფორმებაზე შეშფოთებას გამოთქვამს
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1211-ე სხდომაზე დღეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-10 კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც 2008 წლის ომის შედეგებს უკავშირდება და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას ახდენს.
"მე-10 კონსოლიდირებულ ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის მოკავშირეობასა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე. აღნიშნულთან დაკავშრებით თავიანთ გამოსვლებში შეშფოთება გამოთქვეს როგორც საქართველოს დელეგაციამ, ასევე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციებმა. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-10 კონსოლიდირებული ანგარიშის ირგვლივ გამართულ დებატებზე ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული დოკუმენტი და მხარი დაუჭირეს კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას. გამომსვლელთაგან, მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა ეჭვქვეშ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების ეფექტიანობა. სხდომაზე საქართველოს დელეგაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებზე, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის "მოკავშირეობასა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" გაფორმებაზე და სხვა საკითხებზე. ქართულმა მხარემ მოუწოდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, დაიკავონ აქტიური პოზიცია, რათა ხელი შეუშალონ მომავალში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
"ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება და კონსტრუქციული როლი შეასრულოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის მოკავშირეობასა ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მიმდინარე ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესთან დაკავშირებით. განცხადებაში ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. აღნიშნულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ისლანდია, თურქეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, მოლდოვას რესპუბლიკა, სან მარინო და უკრაინა. სხდომაზე სუამ-ის წევრი ქვეყნების სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც მათ მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ აღნიშნული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-10 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს.