დემურ გიორხელიძე: ქართულ პოლიტიკაში ხელოვნური „ბუშტები“ არიან, რომლებიც შეხებისთანავე სკდებიან!
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე “ივერიონთან“ საუბარში საქართველოს უკომპასო გემს ადარებს, დეგრადირებულ პოლიტიკურ სპექტრსა და უმოქმედო ელიტას მარაზმულ ჩიხში ყოფნას უწუნებს, ამასთან, ირაკლი ალასანიას შესაძლო პერსპექტივასა და “ბუშტებზე“ საუბრობს.
- ბატონო დემურ, თქვენს ფეისბუქსტატუსში საქართველო უკომპასოდ მოდრეიფე გემს შეადარეთ. სად, როდის და რატომ დაკარგა მან კომპასი?
- კომპასი ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში დავკარგეთ და სახელმწიფოს გემი წყალქვეშა რიფებზე მივამსხვრიეთ! მის მერე ვერ ვსწორდებით წელში... ხერხემალი აქვს გადატეხილი სახელმწიფოს...
სუსტი, არამყარი, ჯერაც დამოუკიდებლობა- გაუნაღდებელი სახელმწიფო იარაღით დავამხეთ... ვინ მართალი, ვინ მტყუანი, - შედეგებით იზომება... შედეგი არ არის - დასკვნა მარტივია: პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსებმა უნდა წარმართონ და იარაღი პოლიტიკაში ცუდი მოკავშირეა... ახლა ჭირს უკვე პოლიტიკური სისტემის გამართვა.
რატომ? არც პოლიტიკური სპექტრი, არც ინტელექტუალური ელიტა არ აღმოჩნდა დროის მოთხოვნების დონეზე და ტრადიციულ ქართულ მარაზმში ჩაიხრჩო ყველაფერი... თუმცა, უიმედო არაა სიტუაცია - ამის იმედს ხალხი იძლევა... ეს ჯერ კიდევ საღი ხალხია. მართალია, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს მიზანმიმართულად, მაგრამ... უფრო დიდი უბედურებებიდან დაუღწევია თავი და მე იმედი მაქვს, ახლაც ასე იქნება!
- თქვენი აზრით, რომ გავაკეთოთ უხეში შედარება პრემიერ ღარიბაშვილსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ ალასანიას შორის, რა შეფასებას მისცემდით მათ როგორც პოლიტიკოსებს და როგორც პიროვნებებს?!
- პოლიტიკოსი არის თუ არა ვინმე, ეს დრომ უნდა უჩვენოს... ალასანიას პოლიტიკოსობა - ეს მასზე ახალგაზრდობიდან გაცემული ავანსებია.. არის თუ არა იგი პოლიტიკოსი, მალე გამოჩნდება... დღემდე, მას ხან ვინ მფარველობდა და ხან ვინ... ჩემი გაგებით, სხვის ზურგს ამოფარებული და სხვისი გავლენის ქვეშ მყოფი პირი პოლიტიკაში მე პოლიტიკოსად საერთოდ არ მიმაჩნია - ეს ზოგადი შეფასებაა.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, ამჯერად დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, აი, ბატონო, ბურთი და მოედანი - აი, ქართველი ხალხი, აი, გამანადგურებელი პრობლემები... პოლიტიკოსი ხარ? მოაგვარე, იყავი რეფორმატორი, გაიყვანე შენი მცდელობებით ქვეყანა ორბიტაზე...
"ნატოს" და "ევროპული ორიენტაციის" უთავბოლო ძახილი არაა პოლიტიკა - ამას ცოტა სხვა სახელი ჰქვია... ნატო და ევროკავშირი გინდა? ვინ არის წინააღმდეგი?! მოდი ქართული სახელმწიფო ევროპულ სტანდარტებზე მოვაწყოთ, მაჩვენე, რა შეგიძლია! არ ან ვერ აკეთებ?! შეძახილებით გინდა ნაცარი მაყარო სახეში?! შევიყრი, რო?!
- პოლიტიკურ წრეებში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ მომავლის მსოფლიოს პოლიტიკური სადავეები აშშ-სა და ჩინეთის ხელში გადავა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და სად ხედავთ ამ დროს რუსეთს?
- ფუნდამენტური მეცნიერების ასევე ფუნდამენტური კანონები გვეუბნება, რომ ადამიანთა საზოგადოების პროგნოზირება გრძელვადიან პერსპექტივაში არ შეიძლება, ზუსტად იმავე მიზეზის გამო, რა მიზეზებითაც შეუძლებელია ამინდის პროგნოზირება გრძელვადიან პერსპექტივაში...
ასეთი უაზრო პროგნოზების კეთება დილეტანტების საქმეა - ანუ...ზერელედ განათლებული ადამიანების საქმე... ადამიანთა საზოგადოების მოქმედებას იმდენი პარამეტრი განსაზღვრავს, რომლის გათვალისწინებაც პროგნოზისას შეუძლებელია..
როცა იღებ მცირე რაოდენობის მონაცემებს და მის საფუძველზე აკეთებ დასკვნებს, ეს ყოველთვის ღიმილს იწვევს ჩემში... ასეთია ბჟეზინსკისა და მისი ძმანის თითქმის ყველა ნაშრომი... მე ფუნდამენტურ, ძალიან წინწასულ მეცნიერებაში ვმუშაობდი, სწორედ “არაწრფივ დინამიკაში", ამიტომ მაქვს ასეთი ირონიული დამოკიდებულება ყოვლისმცოდნე ხელოვნურად "გაბერილი ბუშტებისადმი".
- ბატონო დემურ, მოიყვანთ თუ არა ერთ მაგალითს მაინც, რომელიც დაგვაეჭვებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაში და ერთსაც იმისათვის, რომ რუსეთს საქართველოში მსუყე ნიადაგი აქვს ნაპოვნი?
- მე არ მაქვს ასეთი მაგალითები... მე მაეჭვებს იმ ადამიანების არაგულწრფელობა, კომკავშირულ-ბოლშევიკური შემართება, რომლებიც დღედაღამ "ნატოსა" და "ევროკავშირში“ “გაწევრიანებაზე" საუბრობენ და ჯერ ვერაფერი დავინახე, რაიმე ცვლილებების ინიციატორები ყოფილიყვნენ, რომელიც დასაბამს დაუდებდა საქართველოში დასავლეთევროპული სახელმწიფოს მოდელზე ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას...
არადა, სწორედ ესაა დასავლური ორიენტაციაა, ესაა არსი ორიენტაციისა და არა კომკავშირლების სასაცილო და უკვე ამაზრზენი საუბრები დასავლურ ორიენტაციაზე... ამ დემაგოგიისთვის ისინი ფულს იღებენ, ქართველი ხალხის განწყობა კი რთული ხდება!..
დასავლური ორიენტაცია გამორიცხავს განუკითხაობას პოლიტიკაში, ტოტალურ უმუშევრობას, სიღარიბეს, ადამიანების აბუჩად აგდებას... ე.ი. რა გამოდის? - ვიღაც და რაღაც ჯგუფები გაიძახიან დასავლეთს და ქვეყანა აღმოსავლური განუკითხაობის ჭაობშია ჩაფლული! აი, ესაა ტრაგედია საქართველოსთვის.
- ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ახალგაზრდა პოლიტიკოსია და ბევრი რამ ეშლება. თქვენი აზრით, არის თუ არა ღარიბაშვილი ის პრემიერი, რომელიც სახელმწიფოს მართვას ამავე სახელმწიფოს შეცდომებზე სწავლობს და გამოადგება თუ არა საქართველოს ასეთი მმართველობა?
- თავისთავად, ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს უზარმაზარი ტვირთი აჰკიდეს, რომლის გამოცდილება მას არ ჰქონდა... უფრო მეტიც, იგი საერთოდ თავისი ცხოვრებით და საქმიანობით უსაშველოდ შორს იყო პოლიტიკიდან...
პოლიტიკური ლიდერი არ არის თანამდებობა - ეს გავლენაა! პოლიტიკურ ფიგურას, პოლიტიკის სუბიექტს, პოლიტიკურ ლიდერს არ სჭირდება თანამდებობა გავლენების მოსაპოვებლად. ეს სხვა გზებით მიიღწევა...
მე ვფიქრობ, თუ მკაცრად იმუშავებს და სუბიექტი იქნება სახელმწიფო მმართველობის განხორციელებისას (მე ასე მინდა იყოს და ასე უნდა იყოს!), მაშინ გამოცდილებაც მოვა...
ერთი მომენტი: ჯერ-ჯერობით, არ ჩანს პრემიერ-მინისტრმა კარგად ვერ გაიცნობიერა, რომ პოლიტიკა ძალიან კოლექტიური თამაშია და პოლიტიკური გუნდი, გვერდითმდგომი თანამოაზრეების ფაქტორი, უმნიშვნელოვანესია... ანუ ვისთან ერთად თამაშობ იმ ურთულეს თამაშს, რასაც პოლიტიკა ჰქვია...
რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, მე არ მომეწონა ეს ფორმა, რადგან პრემიერ-მნისტრის ასე საჯაროდ დატუქსვა მისი მხრიდან გაუმართლებლად მიმაჩნია... ეს მას შეეძლო ეთქვა პირადად...
ბატონი ბიძინა არ არის უკანასკნელი ინსტანცია. შეფასებები - ეს მისი პირადი სუბიექტური შეფასებებია და შეიძლება, და ასეც არის უმეტესად. ეს სუბიექტური შეფასებები შორსაა რეალობისგან.
- ირაკლი ალასანიამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მან ბიძინა ივანიშვილისგან ბევრი დაუმსახურებელი შენიშვნა მიიღო და ,,გადაყლაპა". დადგება თუ არა ის დროც, როცა ამავე ივანიშვილისგან რამდენიმე დღის წინ პრემიერისთვის შეუფერებელი ეპითეტების გამო დატუქსული ღარიბაშვილი იმავეს აღიარებს?
- ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილისგან უამრავი რამ მიიღო - ხელისუფლება, ფული და ა.შ. ის მდგომარეობა, რაც ალასანიას და მის პარტიას ეკავა ამ ცოტა ხნის წინათ, არ იყო ამ პარტიის პოლიტიკური საქმიანობის, წლობით ხალხთან მუშაობის, შედეგი... ეს იყო ხელოვნურად შეკოწიწებული პარტია, რომელიც სხვა ანალოგიურებთან ერთად დასვეს ხელისუფლებაში სხვისი ფულითა და გავლენით.
არის თუ არა ალასანია პოლიტიკოსი და მისი პარტია ნამდვილად პოლიტიკური ცოცხალი ორგანიზმი - ამას მისი საქმიანობა დაამტკიცებს, ანდა უარყოფს... ასე რომ, როცა უამრავ რამეს იღებ პირისგან, კეთილი ინებე და მზად უნდა იყო იმისათვის, რომ მისი კაპრიზები აიტანო. არ გინდა ეს? მაშინ პოლიტიკა დამოუკიდებელი ხალხის თამაშია, პოლიტიკური ლიდერი ან ხარ, ანდა ხელოვნური "ბუშტი" ხარ, რომელიც სკდება შეხებისთანავე...
24 წელია ამ ბუშტების სკდომამ გადაიყოლა სახელმწიფო და ჩიხში შეიყვანა... ახალი პოლიტიკოსების დრო უნდა მოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჭაობი კიდევ უფრო დამყაყდება!
- როგორ შეაფასებთ ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ ,,გადარჩენილი" საპარლამენტო უმრავლესობის მდგომარეობას. 2 წლის შემდეგ, ,,ქართული ოცნება" ,,ნაციონალური მოძრაობის" მოვალე ხომ არ გახდა?
- “ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მოძლიერება, ორგანიზებულობა, არაპასუხისგება კანონისა და ხალხის წინაშე, მთლიანად 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებული კოალიციის პოლიტიკურ სინდისზეა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დიდი „დამსახურებაა“...
ყველა პოლიტიკური პარტია თანაბარი უფლებით უნდა სარგებლობდეს კონსტიტუციის ფარგლებში... ხელისუფლების საქმე არ არის, ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გამორჩევა და მისი ფეხზე დაყენება, მისი მოძლიერება, როცა ამ პოლიტიკური ძალისადმი ხალხის ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მოგიყვანა ხელისუფლებაში!
მე არ მესმის, რატომ დაუშვა "ოცნებამ" საკუთარი ავტორიტეტის დაზიანება "ნაციონალური მოძრაობისადმი" ე.წ. კოჰაბიტაციით და ლოიალური დამოკიდებულებით! ამას თუ აპირებდნენ - ეს ხალხისთვის არჩევნებამდე უნდა ეთქვათ და მაშინ როგორ მოიგებდნენ არჩევნებს, დაინახავდნენ კარგად!
- საპარლამენტო უმრავლესობის “გადარჩენა“ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, უბრალოდ, მეგობრული ჟესტია ყბადაღებული კოაბიტაციისა თუ ამ ჟესტით კოაბიტაციასაც კი გაკვირვებისგან “პირი დაფჩენილი“ დარჩა?
- მე ერთ-ერთ ინტერვიუში, ამ ცოტა ხნის წინათ, მოვუწოდე უმავლესობას, „ნაცმოძრაობის“ ოდიოზური ლიდერების იზოლაციის შემდეგ, თუ მათი დანაშაულის დამადასტურებელი მასალები არსებობს, დიდი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მთლიანად პოლიტიკურ სპექტრთან, უმრავლესობა ჩამოეყალიბებინა "ნაცმოძრაობასთან" ერთად... ეს იქნებოდა პოლიტიკური შორსმჭვრეტელობით გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მოხსნიდა არსებულ ბოლშევიკურ დაპირისპირებას ქვეყანაში და შექმნიდა სულ სხვა გარემოს, დიდი შერიგება-შეთანხმების საფუძველზე... ხელისუფლებამ აქამდე ჯერ ვერ გაქაჩა! ნაცმოძრაობის ნარჩენებით უმრავლესობა კი შეინარჩუნა, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზმი შეკრული მსოფლმხედველობითა და მიზნებით... ეს წმინდა პოლიტიკური კონიუნქტურაა და, ამდენად, ტრადიციულ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ზის - ანუ კვლავ პოლიტიკური არამდგრადობისკენ და რყევებისკენ მიდის საქმე!
ესაუბრა ია ჯღარკავა