ეკა ბესელია: კარგია, რომ ამ ადამიანებს თავისუფლების პირობებში მოუწევთ გამოძიებასთან თანამშრომლობა!
მნიშვნელოვანია, როცა ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ბრალდებულებს თავისუფლების პირობებში მოუწევთ გამოძიებასთან თანამშრომლობა.
აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა.
მისი თქმით, მოხდა თუ არა დანაშაული, ამ ეტაპზე ეს არ ფასდება.
,,თუ შევხედავთ ამ ფაქტს სისხლის სამართლის კანონის ჭრილში, როდესაც თავად პროკურატურა არ ითხოვს დაპატიმრებას და აღმკვეთი ღონისძიების სახით აყენებს ალტერნატულ არასაპატიმრო ღონისძიებას, როგორც გარანტს იმისა, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და არ მიიმალოს, ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფრო ფართო დისკრეციით სარგებლობს. მას შეუძლია, არც ეს აღმკვეთი ღონისძიება არ გამოიყენოს. საუბარია იმაზე, რომ მოხდა თუ არა დანაშაული, ამ ეტაპზე ეს არ ფასდება. პროკურატურა არ ითხოვდა დაპატიმრებას, რადგან არ იყო ამ ადამიანების მიმალვის საფრთხე. კარგია, რომ თავისუფლების პირობებში მოუწევთ ამ ადამიანებს გამოძიებასთან მუშაობა. საბოლოოდ უნდა გაირკვეს, ბრალდებასთან დაკავშირებით რა ხდება, რა მოხდა და რა გამოიკვეთება, როდესაც დასრულდება ეს გამოძიება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.