ასე შორს ვერ გავფრინდებით!
გუშინ ოფიციალურად გაცხადდა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინა ხატისკაცის სახით უალტერნატივო კანდიდატურა გამოიკვეთა.
სხვათაშორის, ეს ის ხატისკაცია, რომელმაც თავის დროზე თამარ გურჩიანის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა. მაშინ საზოგადოებამ ეს გადაწყვეტილება კოლეგიალურ ჟესტად შეაფასა და მთელი ყურადღება ენჯეოების მიერ დასახელებულ სხვა კანდიდატურებზე გადაიტანა. რამდენადაც გაირკვა, თვითონ საპარლამენტო უმრავლესობამ სთხოვა არასამთავრობო ორგანიზაციებს დაესახელებინათ საკუთარი კანდიდატურები, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ კონკურენციის წესით სახალხო დამცველის თანამდებობაზე ღირსეულთა შორის ღირსეული აერჩიათ. ასეც მოხდა _ კანდიდატებად ცნობილი უფლებადამცველები: ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლაიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე დასახელდნენ. იმდენად პროფესიონალ უფლებადამცველებთან გვქონდა საქმე, რომ საზოგადოებას გაუჭირდა კიდეც რომელიმე მათგანზე შეეჩერებინა ყურადღება.
სახალხო დამცველი ხალხის წიაღიდან უნდა მოდიოდეს და საზოგადოების ინტერესს უნდა ემსახურებოდეს _ მას პროფესიონალიზმთან ერთად პრინციპულობა და სათანადო გამოცდილებაც უნდა უწყობდეს ხელს. ასე იყო დასახელებული კანდიდატურების მაგალითზეც. თუმცა, გუშინდელმა ინფორმაციამ საზოგადოების მოლოდინს ცივი წყალი გადაასხა და გაოგნებული დატოვა.
ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ქ-ნ ნინა ხატისკაცთან, მაგრამ რატომღაც არ გვახსოვს მისი ხმალამოღებული ბრძოლა ადამიანის უფლებების დასაცავად. ის ფაქტი, რომ იგი NDI-ში და საერთაშორისო ორგანიზაცია "ათასწლეულის გამოწვევაში" მუშაობდა, საზოგადოებას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით თითქმის არაფერს ეუბნება!
საყურადღებოა ერთი დეტალიც: საინფორმაციო საშუალებებით გაჟღერდა, რომ ხატისკაცის მეუღლე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ანუ აქტივისტია, რაც სახალხო დამცველის კანდიდატს ერთ-ერთ ნაკლად ჩაუთვალეს. ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდება ნამდვილად არ არის. ნორმალურ ხელისუფლებას უნდა ერჩივნოს, რომ ამ თანამდებობაზე უპირატესობა თავისუფალ კანდიდატს მიანიჭოს, რათა მან ღირსეული ოპონირება გაუწიოს და საზოგადოების ინტერესებიც ობიექტურად დაიცვას.
სახალხო დამცველის ინსტიტუტის რამდენიმეწლიანმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ეს ინსტიტუტი საქართველოში თითქმის ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მათი დასკვნები "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა" რჩებოდა. დარწმუნებული ვარ ასე იქნება მომავალშიც. ამის თქმის საფუძველს უმრავლესობის გადაწყვეტილება მაძლევს _ ასეთი პრინციპით შერჩეული სახალხო ომბუდსმენი ყოველთვის ფორმალური ოპონენტი და ხელისუფლების რუპორი იქნება!
თქვე კაი დედმამიშვილებო, მოგეწყოთ დებატები პარლამენტის კომიტეტში, მოგესმინათ ენჯეოების მიერ დასახელებული კანდიდატებისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ მიგეღოთ გადაწყვეტილება. სხვანაირად თქვენი საკადრო პოლიტიკა რით განსხვავდება "ნაცების" საკადრო პოლიტიკისგან?!
ასე შორს ვერ გავფრინდებით!
ღვთისო კოლხიდელი