სოზარ სუბარი ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

სოზარ სუბარი ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

   დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

   სოზარ სუბარმა შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარუდგინა და ბოლო პერიოდში განხორციელებული სიახლეები გააცნო. მინისტრმა  დევნილთა და ეკომიგრანტთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებში შეტანილ ცვლილებებსა და  20 000 ლარის ფარგლებში, სოფლად კერძო  სახლის შეძენის პროექტზე ისაუბრა. 

   თავის მხირვ,  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს. შეხვედრაზე წამოიჭრა დევნილთათვის ბინების საკუთრებაში გადაცემის პრობლემა. სოზარ სუბარის განცხადებით,  სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საცხოვრებელი ფართი 10 000 - მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. იძულებით გადაადგილებულ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტი პირველი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში, ეს პრობლემა ეტაპობრივად აღმოიფხვრება. 

   კოდის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, მადონა ოქროპირიძის განცხადებით,  კოდაში ჩასახლებულ დევნილებს სახელმწიფომ მიწის ნაკვეთებიც გადასცა, თუმცა არ ხდება ამ მიწების მორწყვა. მინისტრის განცხადებით, ის ყველა პრობლემას  შეისწავლის და შესაბამის სამინისტროებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან  ერთად,  მათი გადაჭრის გზებს მოიძიებს.  

   შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს ხელძღვანელი მერაბ გოგსაძე.

   დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მსგავსი ფორმატის შეხვედრებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: