ჩვენი მთავარი პრიორიტეტი დემოკრატიის კონსოლიდაციაა
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და სამაგალითო მმართველობის განმტკიცება", - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და სამაგალითო მმართველობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებით საქართველო საბოლოოდ იქცევა სტაბილურ და ქმედით პლურალისტული დემოკრატიის ქვეყანად, რომელშიც უზრუნველყოფილია კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი მექანიზმები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩემი ამბიციაა, ვაქციო ჩემი ქვეყანა რეგიონში წარმატების მაგალითად, რისთვისაც გამოყენებული იქნება ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციული ძალა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხსაც შეეხო
"ეს წარმოადგენს საქართელოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ შედეგს და საქართველოს რიგით მოქალაქეებს მოუტანს ხელშესახებ სარგებელს. საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპი, რაც დადასტურდა კიდეც კომისიის უკანასკნელ, მეორე ანგარიშში პროგრესის შესახებ. ამით კი გზა ეხსნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, რიგის სამიტისათვის დავაკმაყოფილოთ მეორე ეტაპის ყველა მოთხოვნა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.