საქართველოსთვის 2014 წელი მნიშვნელოვანი მიღწევების წელია

საქართველოსთვის 2014 წელი მნიშვნელოვანი მიღწევების წელია

  "საქართველოსათვის 2014 წელი მნიშვნელოვანი მიღწევების წელია", - განცხადება  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
  "ჩვენ დიდად ვაფასებთ ღია დიალოგს პრეზიდენტ შულცსა და, ზოგადად, ევროპარლამენტთან. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტისა და პირადად ბატონი შულცის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ევროპული არჩევანისადმი. ევროპარლამენტი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომლის ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა ლისაბონის შეთანხმების შედეგად ევროკავშირის ინსტიტუციონალურ არქიტექტურაში მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და როლის გაზრდის კვალდაკვალ. ამ მხრივ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია, წარმოადგენს რა ჩვენს ეროვნულ იდეასა და ცივილიზაციის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს. საქართველო უნიკალური ქვეყანაა აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრთა შორის, რადგან ჩვენში სახეზეა პოლიტკური ელიტის ერთიანობა და საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ ისტორიულ მიზანთან დაკავშირებით.       საქართველოსათვის 2014 წელი არის მნიშვნელოვანი მიღწევების წელი. ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას. ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულების ქმედითი გამოხატულება, რომელიც ქმნის ურყევ საფუძველს ჩვენი ურთიერთობების წარმატებული განვითარებისათვის. ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
  ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო ელოდება დეკემბერში ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, რასაც ქვეყნისთვის უდიდესი საკანონმდებლო, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: