ვასილ მაღლაფერიძე: სახელმწიფო საკუთარ ჯარისკაცებს ასე არ უნდა ექცეოდეს!

ვასილ მაღლაფერიძე: სახელმწიფო საკუთარ ჯარისკაცებს ასე არ უნდა ექცეოდეს!

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ემზარ კვიციანისთვის 12 წლის მისჯას facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა . მაღლაფერიძის თქმით,   "სახელმწიფო საკუთარ ჯარისკაცებს ასე არ უნდა ექცეოდეს".
"ემზარმა თქვა, აქ რომ ბიჭები გროვდებიან, ზოგს ერთმანეთის სისხლი მართებს და ერთმანეთს ემტერებიან, მაგრამ დღეს ხატი ავიღეთ და სანამ რუსები აქ არიან, ერთმანეთში მშვიდობა ვთქვითო. ერთად ვიომებთ ბოლომდე, თუ ეს რუსები აქ დარჩნენ, ხეობას დავკარგავთო."
"სამხედრო დანა ჰკიდია ოფიცერს, წასწვდა ემზარი, ეჯაჯგურება, იცინის და გამიცვალეო, თან მხარზე ხელი გადახვია, ჩაბღუჯა და არ უშვებს. გაააძრო დიდი სვანური ყამა, ლაპლაპებს მზეზე, უტრიალებს თვალწინ, გამიცვალე, დავძმობილდეთო!
როგორი საყურებელი იქნებოდა რუსების მხრიდან ეს სცენა?!
თან ეხუმრება არალიტერატურული რუსულით, რად გინდა ეს დანა, მაინც ოხრად დაგრჩება, თუ პრიკაზი არ მიიღე, სამ საათზე მაინც უნდა მოგიკითხოთ დედებიო.
პარალელურად კობა კობალაძეს ზომები მიუღია, სიმაღლეებზე ვერტმფრენების საწინააღმდეგო იარაღი აუტანიათ და რუსების "კრაკადილები" ვერ ბედავენ შემოსვლას, ჩვენები რაციებით აფრთხილებენ, ჩამოგაგდებთო.

რუსები კავშირზე არიან უფროსობასთან, ალყაც ძალიან დაუვიწროვდათ. მძიმე ვითარებაა. შეიძლება, ვიღაც ელოდა, ვიღაც არა, მაგრამ სამი საათისთვის მოუვიდათ ბრძანება რუსებს, გამოვუშვით ვერტმფრენებიო.
ამოვისუნთქეთ.
ორი ვერტმფრენი მოფრინდა, წაიღეს შეიარაღება და წაიყვანეს სალდათები. მესამეს დაუღამდა და ვერ შემოვიდა ხეობაში.
ოც სალდათამდე დაჩა იმ ღამით მინდორში. გაუგზავნეს სვანებმა საჭმელი და არაყი, გაიხარეს საწყლებმა, ცოტა ხანში ერთმანეთს ვერ ცნობდნენ. იმას ჰგავდა, არსენამ რაომ ვერცხლის მანეთიანი გადაუგდო მიკიტნებს, "მისვით მშიერ სალდათებსაო!"
ღამით ჩავედით ემზართან, ნორასთან სახლში. ეზოში ცეცხლი ენთო მდინარის პირას, პატარა სუფრა და, ცხადია, სიხარული.

კუნაპეტი, კუნაპეტი, თვალში თითს ვერ მიიტან.

ხეობაში ხან ვინ ატეხს სროლას, ხან - ვინ, მიდის "ოჩერედები", გადმოღებს ბაბაჯუც ამ თავის ავტომატს, გაუშვებს ჯერს. ვახ, ნუ გახვრიტე, ტვინი-მეთქი, ვეუბნები. კვდება სიცილით, ეს ჩვენი მორზეს ანბანია, ასე ვსაუბრობთო.

ეს "მორზეს ანბანი" ინახავდა აფხაზეთის სვანეთს! მერე იქ რომ "მონადირის" ბიჭები იყვნენ, რამდენი გაამწარეს, იარაღს რატომ ატარებთ უკანონოდო, ახეხინეს ციხეები, ნორა მძევლად აიყვანეს, ხეობის დამცველი აღარავინ დატოვეს და ბოლოს გასროლის გარეშე ჩააბარეს ხეობა.

P.შ. დღეს ემზარ კვიციანისთვის 12 წელი მიუსჯიათ და ეს ამბავი გამახსენდა. არ ვარგა, სახელმწიფო ასე რომ მოექცევა თავის ჯარისკაცს, ძალიან არ ვარგა, ისე არ ვარგა, მეტი რომ არ შეიძლება!"- წერს ვასილ მაღლაფერიძე .

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: