სახალხო პარტია:-"ნებისმიერი სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და აკმაყოფილებდეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს"
სახალხო პარტია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმესთან გაკეთებულ განმარტებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
2014 წლის 19 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკრატურამ გაავრცელა სპეციალური განცხადება ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით. განცხადებაში კვალიფიციურად და თანმიმდევრულად იყო ახსნილი თუ რა პირობები შესთავაზეს აღნიშნულ საქმეზე დაკავებულთა ადვოკატებს საქმის მასალების გასაცნობად და ამონაწერების გასაკეთებლად. ასევე, ღიად იქნა აღწერილი თუ რა ზომები გაატარეს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებული "გრიფით საიდუმლოს" მოსახსნელად და მომავალში რა ნაბიჯებია გადასადგმელი ნებისმიერი ფორმალური წინაღობის დასაძლევად.
მთავარმა პროკრატურამ ასეთი ამომწურავი განცხადების გავრცელება საქმისადმი "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა, რაც ძალიან მისასალმებელია. ასევე, არგუმენტირებულად და დამაჯერებლად გაეცა პასუხი ამ საქმესთან დაკავშირებულ მრავალ მითქმა_მოთქმასა და სხვადასხვა ინსინუაციას.
მივესალმებით პროკურატურის ასეთ ღიაობას, იმედს გამოვთქვამთ და მოვითხოვთ, ასეთივე თანმიმდევრული და კვალიფიციური განმარტებები იქნეს გაკეთებული საქმეებზე, რომლებიც, ასევე, "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" გამოირჩევა და, სადაც, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის არგუმენტები უსუსურად გამოიყურებოდა ახლო წარსულში. მხედველობაში გვაქვს ნაციონალური მმართველობის დროინდელი ჩინოვნიკების საქართველოში გასამართლებისა და ექსტრადირების მოთხოვნის დროს საფრანგეთისა და საბერძნეთის სასამართლოებში გაგზავნილი მასალები. ასევე, ღია განმარტებას მოვითხოვთ კვიციანის საქმეზე გაჩენილ კითხვებზე თუ ხელისუფლებისგანვე პოლიტპატიმრად აღიარებულ პირთა თაროზე შემოდებულ საქმეებზე. ასეთ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრსა თუ მთავარ პროკურორს აღარ მოუწევთ ისეთი უსუსური განმარტებების მიცემა საზოგადოებისთვის, როგორის მოწმეც არაერთხელ გავმხდარვართ.
ეს იქნება რეალურად გადადგმული ნაბიჯი მიმართული საზოგადოების გახლეჩის წინააღმდეგ, რასაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდში პოლიტიკური ძალების და სხვადასხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკის მიერ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების რეალიზების პროცესში პრინციპულად ითხოვს: "თავიდან უნდა იყოს აცილებული საზოგადოების პოლარიზაცია, ოპოზიციურ პარტიებთან უნდა იყოს დიალოგი და ნებისმიერი სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და ის მკაცრად უნდა აკმაყოფილებდეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს".