დავით საგანელიძე: ბევრ თემას საიდუმლო "გრიფი" უნდა ჰქონოდა!
როგორც საპარლამენო უმრავლესობის წევრი, დავით საგანელიძე აცხადებს ნდობის ჯგუფის მიერ განხილული მასალები, არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, არამედ, არამედ მათზე სერიოზული საკითხები უნდა იყოს წამოწეული.
საგანელიძის თქმით, ბევრ მათგანს ბევრ საქმეზე ექნებათ პასუხი გასაცემი.
"ჩვენ დღეს განვიხილეთ მასალები, რომლებიც უკავშირდება სხვადასხვა უწყების მიერ 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ ფინანსურ საქმიანობას. ის, რაც ხდებოდა და რაც ვნახეთ, მხოლოდ სისხლის სამართლის საქმე კი არ არის, არამედ სერიოზული საკითხები უნდა იყოს მათზე წამოწეული. ძალიან ბევრს ძალიან ბევრ საქმეზე ექნება პასუხები გასაცემი", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
საგანელიძე ასევე განმარტავს, რომ გარკვეული მასალები გრიფი "საიდუმლოს" არ საჭიროებენ, ამიტომ გათი გასაჯაროება აუცილებლად მოხდება.
"არის თემები, რომელთაც, არ მესმის, რატომ ადევს გრიფი "საიდუმლო". როგორც ჩანს, მოდაში იყო და ბევრს სჭირდებოდა, რომ ბევრ თემას საიდუმლო "გრიფი" ჰქონოდა, არა მარტო თავდაცვის სამინისტროს საქმესთან დაკავშირებულ მასალაზე, არამედ მომავალში კიდევ ბევრ საკითხთან მიმართებაში დაისმება მოთხოვნა, რომ მოხდეს გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და პროცესი იყოს გამჭვირვალე", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.