"განხეთქილების ვაშლი" ქართულ პოლიტიკაში

"განხეთქილების ვაშლი"  ქართულ პოლიტიკაში

არასტაბილურობის საფრთხე საქართველოში
"საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება, რომელიც მთავრობაში მომხდარი კრიზისის გამო გამწვავდა, კვლავ რთული რჩება. აშკარა გახდა ისიც, რომ სიტუაცია მმართველი კოალიციის შიგნითაც ძალიან მყიოფეა, - აღნიშნულია პუბლიკაციაში (ავტორი - ნატიგ ნაზიმოღლუ).
სტატიაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში ბოლო ორი კვირის მანძილზე განვითარებული მოვლენები: მთავრობის კრიზისის შემდგომი პერიოდი, პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა განლაგების ცვლილებები, თბილისში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართული ანტირუსული (და ანტისამთავრობო) მიტინგი, რომელზეც რუსეთთთან და სეპარატისტული აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებაც იქნა გაკრიტიკებული, რომელიც "არაფერს აკეთებს კრემლის მცოცავი ანექსიის შესაჩერებლად". პუბლიკაციაში შედარებით დიდი ადგილი აქვს დათმობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართვას მომიტინგეებისადმი (ციტირებულია მისი განცხადებები).
"ცნობილი გახდა ისიც, რომ სახელისუფლებო ბანაკი მაინც და მაინც დიდი მონოლითურობით ვერ დაიკვეხნის - გრძელდება დაპირისპირება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და "ქართული ოცნების" დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილს შორის: პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ დროა დასრულდეს თავისი ყოფილი მფარველი მილიარდერის არაფორმალური მმართველობაო. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კონფლიქტი შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნამდე მივიდეს, თუმცა სხვები ამ აზრს არ იზიარებენ - ეს საქართველოს ევროპულ კურსს დიდ ზიანს მიაყენებსო.
საერთოდ, საქართველოში მომხდარი ამბებით დასავლეთი ძალიანაა შეშფოთებული. საით იხრება დღეს თბილისი - რუსეთისაკენ თუ ევროპისაკენ? ამ კითხვაზე მტკიცე პასუხი უნდა გაცემულიყო. ბრიუსელში მყოფ საქართველოს მთავრობას დიდი ძალისხმევა და ენერგიის დახარჯვა მოუხდა, რომ თავისი დასავლელი პარტნიორები თბილისის მიერ აღებული კურსის პროევროპულობაში დაერწმუნებინა. ნატოს გენერალურ მდივანთან და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, იმედი გამოხატა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკას გააგრძელებს და საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის თემა პოლიტიკური ძალების დაპირისპირებაში ერთგვარ "განხეთქილების ვაშლად" იქცა: ყოველი მხარე ცდილობს დააფიქსიროს, რომ სწორედ ის წარმოადგენს "ქართველი ხალხის ევროატლანტიკური სწრაფვის" გამომხატველს და გამტარებელს. მათი გათვლები გასაგებია: ვისაც დაუჭერს მხარს დასავლეთი, სწორედ იმ ძალის პოზიციები განმტკიცდება საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეში", - ნათქვამია სტატიაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: