რა მისწერა მალხაზ ჟუჟუნაძემ თეა წულუკიანს?
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღძრას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ივანე წიკლაურის და ამ რეგიონის პოლიციისა და პროკურატურის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ.
"ივერიონს" მოაწოდეს 2004-2007 წლებში სამცხე-ჯავახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ ჟუჟუნაძის საჩივარი, რომლითაც მან საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართა.
მალხაზ ჟუჟუნაძე საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი 2007 წლის ნომებრის აქციებთან დაკავშირებით პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. მიზეზი ორმაგი იყო. პირველი მიზეზი გახლდათ, ის რომ რეგიონიდან თბილისისკენ მომავალმა ავტომობილებმა მის კუთვნილ ავტოგასამართ სადგურში ჩაასხეს ბენზინი, სხვა ყველა ავტოგასამართი სადგური იყო დაკეტილი, რომ ხალხი თბილისში ავტომობილებით არ ჩამოსულიყო. მეორე მიზეზი კი ის გახლდათ, რომ თავად მალხაზ ჟუჟუნაძე თბილისში ჩამოსვლას და 2008 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადების გაკეთებას აპირებდა. ამის შესახებ იგი ტელეფონით ესაუბრა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. ჟუჟუნაძეს უნდა ემხილა ხელისუფლება რეგიონში არჩევნების გაყალბებაში და ამის დამადასტურებელ კონკრეტულ ფაქტებზეც უნდა ესაუბრა.
მალხაზ ჟუჟუნაძის მიერ თეა წულუკიანის სახელზე გაგზავნილ საჩივარში ნათქვამია, რომ სატელეფონო ზარიდან ნახევარ საათში მის ბინაში მივიდნენ ახალციხის პოლიციის უფროსი ვახტანგ გეწაძე, პოლიციის თანამშრომლები გიორგი მერაბიშვილი, ალეკო ჯვარიძე და ზაალ ტაბატაძე. მათ ოთხი ტაბლეტი "სუბოტექსი" ჩაუდეს ჟუჟუნაძეს სახლში, მერე, ვითომ ჩხრეკის დროს იპოვნეს და შესაბამისი ოქმიც შეადგინეს. შემდეგ წაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, სადაც ჟუჟუნაძის თქმით პოლიციის რეგიონული სამმართველოს ყოფილმა უფროსმა და ამჟამინდელმა გუბერნატორმა ივანე წიკლაურმა მოტყუებით დაალევინა წყალი, რომელშიც "სუბოტექსი" იყო გახსნილი.
როგორც მალხაზ ჟუჟუნაძე თეა წულუკიანისადმი გაგზავნილ საჩივარში წერს: "როდესაც ვნერვიულობდი ივანე წიკლაურმა დამამშვიდა, მითხრა, ნუ ნერვიულობ, წყალი დალიე და დამშვიდდი. მან წყალი დამისხა, რომელშიც "სუბოტექსი" იყო გახსნილი".
როგორც ირკვევა, მალხაზ ჟუჟუნაძემ წყალი დალია, რის შემდეგაც ის ექსპერტიზაზე წაიყვანეს და ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს. ამის შემდეგ ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ბრალდებით მალხაზ ჟუჟუნაძე პასუხისგებაში მისცეს. სისხლის სამართლის საქმეში არსებულ უამრავ ხარვეზზე ჟუჟუნაძის თქმით თვალი დახუჭა გამომძიებელმა ზაალ ტაბატაძემ, პროკურორებმა მანონიშვილმა და მიქაბერიძემ და საოლქო პროკურორის მოადგილემ ვაჟა ჩიტიშვილმა.
მალხაზ ჟუჟუნაძის განცხადებით მათ ივანე წიკლაურის დაკვეთა შეასრულეს და უდანაშაულო ადამიანი ციხისთვის გაიმეტეს.
მალხაზ ჟუჟუნაძე 8 თვე იჯდა ციხეში, შემდეგ კი საპროცესო გარიგებით გამოვიდა. ამჟამიდ ის თეა წულუკიანისგან მისი საქმის ხელახლა გადახედვას, დამნაშავეთა დასჯას და რეაბილიტაციას ითხოვს.