წინააღმდეგი ვარ, ვინმემ საკუთარი თავი ევროპულ არჩევანთან გააიგივოს

წინააღმდეგი ვარ, ვინმემ საკუთარი თავი ევროპულ არჩევანთან გააიგივოს

   მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან. განცხადება ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებას ქვეყნის ევროპული კურსის საფრთხეში ყოფნასთან დაკავშირებით რადიო "თავისუფლების" პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 


"მათ რატომ განაცხადეს ის, რაც განაცხადეს, ამ კითხვაზე პასუხისთვის მე ვერ გამოგადგებით. მე შემიძლია, პასუხი გაგცეთ იმ კითხვებზე, რაც ჩემს განცხადებებს და ჩემს პოზიციებს ეხება. ჩემი პოზიცია იყო და არის ის, რომ ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, არის პროდასავლური მთავრობა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა თუნდაც იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოწეროდა; რომ ის სხდომა შემდგარიყო, რომელიც 17 ნოემბერს ბრიუსელში შედგა; რომ ის მაღალი ვიზიტები და შეფასებები მიგვეღო, რაც ორი დღის წინ მივიღეთ ბრიუსელში. მაგრამ, ის მაღალი შეფასებები, რომელსაც იღებს მთავრობა ევროკავშირის თუ NATO-ს მხრიდან, არ ეკუთვნის ამ მთავრობას, ეს ეკუთვნის ხალხს და სწორედ აქ განსხვავდება ჩემი და "თავისუფალი დემოკრატების" პოზიციები ერთმანეთისგან, დღეს უკვე ძალიან რადიკალურად. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან, რომ მე თუ ვარ, ე.ი. პროცესი ევროპულია და თუ არ ვარ, ე.ი. - არ არის. ამ განცხადებას ჰგავდა ის განცხადება, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად სიურპრიზის სახით წამოვიდა ტელევიზორიდან და ეკრანიდან მეცა სახეში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: