"ახალგაზრდა ადვოკატები" საპარლამენტო უმრავლესობას აფრთხილებს

"ახალგაზრდა ადვოკატები" საპარლამენტო უმრავლესობას აფრთხილებს

"მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, სახალხო დამცველი სამი ყველაზე ღირსეული კანდიდატიდან შეარჩიონ", _ ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" გააკეთეს.


ადვოკატების შეფასებით, ღირსეული კანდიდატები ლია მუხაშავრია, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გელა ნიკოლაიშვილი არიან. "ყველა სხვა კანდიდატიც ღირსეულია, მაგრამ არსაკმარისად კომპეტენტური", _ განაცხადა ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილლმა.


"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენისა და მხარდაჭერის საზოგადოებრივ მოძრაობაში, საპარლამენტო უმრავლესობის 2012 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება არღვევს შეთანხმებას საზოგადოებასთან და ეწინააღმდეგება ამავე საზოგადოების მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რადგან გამარჯვებული კოალიციის მხრიდან, ოფიციალურ და არაოფიციალურ დონეზე არსებობდა პოლიტიკური ნება და მზაობა, პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან არჩეული ერთ-ერთი კანდიდატი აერჩია.


"საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სახალხო დამცველის კანდიდატად ნინა ხატისკაცის დასახელებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე სახლხო დამცველის თანამდებობაზე უკვე დასახელებულ კანდიდატებს შორის. ეს ყევლასთვის მოულოდნელი იყო", _ აცხადებენ ადვოკატები.


მათივე განმარტებით, მართალია საპარლამენტო უმრავლესობას არ დაურღვევია კანონმდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე სახალხო დამცველს საპარლამენტო უმცირესობა წარადგენდა, ამით მაინც შეილახა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო სექტორისთვის მიცემული პირობების ერთგულება.


არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" მოუწოდებს პარლამენტს, აღარ დაირღვეს სახალხო დამცველის კანდიდატის დანიშვნის ვადები და არ შეუმცირდეს დაფინანსება სახალხო დამცველის აპარატს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: