მომავალი წლის პირველ სამ თვეში კომუნალური ვაუჩერი თვეში 20 ლარი იქნება
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ მომავალი წლის პირველ სამ თვეში კომუნალური ვაუჩერის ოდენობა ოჯახზე თვეში 20 ლარი იქნება, ხოლო სოციალურად დაუცველები თვეში 500 ლარს მიიღებენ.
ჯაბა სამუშიამ კომენტარი თბილისის საკრებულოში თბილისის მერიის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებითაც გააკეთა.
"ეს იყო სამუშაო პროცესი. უმრავლესობა მერიასთან ერთად მუშაობდა ახალ მოდელზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ვაუჩერის გაცემა. დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ვაუჩერი გაორმაგებული ოდენობით გაიცემა მომავალ წელს, კერძოდ, 500 ლარის ოდენობით. ხოლო დანარჩენ მოსახლეობაზე გაიცემა იმ წესით, რაც დღემდე არსებობს. ეს იქნება წლის დასაწყისამდე, სანამ სამუშაო ჯგუფი ახალ ფორმულას არ დადებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაუჩერის გაცემა. მომავალი წლის იანვარში, თებერვალში და მარტში მოსახლეობა იმავე წესით მიიღებს ვაუჩერს, რაც აქამდე იყო, კერძოდ, ოჯახზე თვეში 20 ლარი გაიცემა. ამჟამად ვმუშაობთ ახალ წესზე და შემდგომში ახალი წესით გაიცემა ვაუჩერი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სოციალური პროექტების მონაწილე უნდა იყოს ის ოჯახები, რომელთა შემოსავალიც არის დაბალი, ის ოჯახები, რომელთაც რეალურად სჭირდებათ ასეთი ვაუჩერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ ამ წესზე ვმუშაობთ. დღეს ფრაქციის სხდომაზე სწორედ ეს პოზიცია დაფიქსირდება და მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მოსახლეობას, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც ვაუჩერი სჭირდება, მიიღებს ამ ვაუჩერს", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.