კახა კოჟორიძე:-"სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრემიერ მინისტრის მხრიდან შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ"
პრემიერის განცხადებას-"ის, ვინც ეწინააღმდეგება, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს დარჩეს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ებრძვის", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერს შეუძლია განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, თუმცა ეს შესაბამის ფორმებში უნდა გამოხატოს.
-"სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრემიერ მინისტრის მხრიდან შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ. თავს შევიკავებ, რომ შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვუპასუხო. თუმცა ვფიქრობ, თავად პრემიერი აყენებს თავს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, როდესაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით ესაუბრება საზოგადოების იმ ნაწილს, რომლის პრემიერიც თავად გახლავთ. პრემიერმა უნდა შეძლოს და ცოტა მაღლა დადგეს ამ პროცესებზე. მას შეუძლია ჩვენგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ უნდა შეძლოს და ეს პოზიცია შეურაცხყოფების გარეშე გააკეთოს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პოზიციის შინაარსობრივ მხარეს, მისი პოზიცია რამდენიმე თვის წინ გავიგეთ, როდესაც მან მთლიანად ამ კანონპროექტს უწოდა კატასტროფული. თუმცა კატასტროფული პროექტის დიდი ნაწილი უკვე კანონად იქცა, ანუ პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვისაც, როდესაც დიდწილად დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოსმენებზე წვდომის მექანიზმი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს, თუმცა მასზე კონტროლი უნდა დაწესდეს.