ირაკლი ღარიბაშვილი არასამთავრობოებს "ნაციონალების" ლობირებაში ადანაშაულებს
ე.წ. გასაღების არასამთავრობოების პროექტს ეწინააღმდეგება და მხარს არ დაუჭერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის მათ "ნაციონალების" ლობირებაში ადანაშაულებს.
-"ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების უფლება, რადგან ეს საკითხი გახდა დიდი სპეკულაციის და მსჯელობის საგანი. ძალიან მარტივად არის სიტუაცია. რეალურად მსოფლიო, დემოკრატიული, ცივილიზებული სამყარო მოსმენების საკითხის რამდენიმე მოწყობას იცნობს - პირველი ეს არის, როცა ე.წ გასაღები არის მობილური ოპერატორების ხელში, მეორე - შსს-ს ხელში, მაგრამ აქვს გარე კონტროლი. რაც შეეხება საქართველოს რეალობას, რა თქმა უნდა, მობილურ ოპერატორებთან ვერ და არ დარჩება, მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვინაიდან, მობილური ოპერატორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამას და მეორე, ამ კომპანიების უკან დგანან უცხო სახელმწიფოები. ეს არის დაუწერელი კანონი და ეს არის ჩვენი ვალდებულება - ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოება გადავცეთ უცხო ქვეყანას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. გვრჩება მეორე ვარიანტი, რაც აპრობირებულია ცივილიზებულ ქვეყნებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს გასაღები, მაგრამ მას უნდა დავუწესოთ ეფექტური კონტროლი. ეს არის ვარიანტი, რომელიც შემუშავებულია ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ და ეს არის ოპტიმალური გამოსავალი. მე მას მხარს ვუჭერ, როგორც კოალიციის ლიდერი და მოვუწოდებ დეპუტატებს, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს,"- განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა პროექტის არასანდოობის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებულა, რომ "გასაღებს" ფლობს შსს, საქართველოში ექსპერიმენტების ჩატარება კი საჭირო არაა.