რევაზ კახნიაური:-"თავად სახელმწიფომ დაარღვია ემზარ კვიციანთან და კოდორის ხეობებელებთან კონსტიტუცია"
ემზარ კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაური "ივერიონის" პრესკლუბში განაცხადა, რომ გამოძიება 2006 წლის 25 ივნისიდან დაიწყო და ამ დროისთვის მას უკვე წაყენებული ჰქონდა ის მუხლები, რომელიც ახლა გააჟღერა გამოძიებამ.
-"გამოძიებამ დაამთავრა საგამოძიებო მოქმედებები და გადასცა სასამართლოს არსებითი განხილვისთვის, ეს არის 223-ე მუხლი და 315-ე მუხლი. როგორც იცით, ემზარ კვიციანს ედავებიან უკანონო ფორმირებების შექმნასა და და ამბოხს საქართველოს ხელისუფლების დამხობს მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი და არც მეორე მუხლი გამოძიებით არ არის დადასტურებული. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლიდან ერთი და იგივე გამომძიებლები და პროკურორები იძიებდნენ ამ საქმეს, გამოძიება არც კი დაინტერესებულა ადგილობრივი მოსახლეობის აზრი გაეგო, მათ მტკიცებულების გამყარება მოახდინეს ნანა ლეჟავას ნათქვამით, რომ ემზარ კვიციანი იქ იყო ჩასაფრებულიო. თუკი იქ ადამიანს უნდა ჩასაფრება, 5 ადამიანს შეუძლია ჩაკეტოს გზა და გააჩეროს ბატალიონები, მაგრამ სახელმწიფო ბრალდებას ეს არ აინტერესებდა. სახელმწიფო ბრალდებას არც ის აინტერესებდა, რომ თავად სახელმწიფომ დაარღვია ემზარ კვიციანთან და კოდორის ხეობებელებთან კონსტიტუცია, რადგან 1994 წლის 15 მაისის ხელშეკრულებით პრეზიდენტს არ ჰქონდა იქ ჯარის შეყვანის უფლება და თუ შეიყვანდა, ამას აუცილებლად სჭირდებოდა პარლამენტის დასტური. ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება, მაგრამ სახელმწიფოსაც აქვს ვალებულება ჩვენს წინაშე. კვიციანი კბილებით იცავდა კოდორის ხეობას და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კოდორის ხეობა საქართველოს იურისდიქციას შერჩა. ამ ოპერაციის მერე, გაერომ მიიღო რეზოლუცია და დაგმო სააკაშვილის და ოქრუაშვილის ოპერაცია. იქიდან გამოიქცა ქართველო მოსახლეობა, დაიჭირეს "მონადირის" წევრები, იძულებული გახდა კვიციანიც დაეტოვებინა თავისი კუთხე და საქართველომ ერთ-ერთი ბლოკპოსტი აფხაზეთში დაკარგა".
ადვოკატის თქმით სისხლის სამართლის საქმე გამოძიებული იყო არასრულყოფილად და არაობიექტურად.
-"მოსამართლემ მოისმინა ყველა არგუმენტი, დარწმუნდა ემზარ კვიციანის უდანაშაულობაში, მისი ქმედების სისწორეში, ნახა, რომ მისი ყველა ნაბიჯი გადადგმული იყო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მას უთხრეს. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ნაციონალები მართავენ სასამართლოს, იქ ალასანია ჩაერია, მოხდა ალასანიასა და "ნაციონალების" ინტერესების დამთხვევა, მარგიანი, რომელიც ემზარ კვიციანს ემტერებოდა ალასანიასთან არის ახლოს და ეს ორივე გიორგაძესთან არიან დაკავშირებულები. როცა საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ არ ჩარეულა გადაწყვეტილების მიღებაში, მაშინ კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და ნუ მისცემს უფლებას კონკრეტულ პიროვნებებს ჩაერიონ და უკანონო გადაწყვეტილებები მიაღებინონ სასამართლოს".
ადვოკატის განცხადებით, საქმეზე ხელახალი ძიება ჩაატარეს ისევ იმ გამომძიებლებმა და პროკურორებმა და რომ დაინახეს, რომ კოდორის მოსახლეობა ემზარის სასარგებლოდ იძლეოდნენ ჩვენებას, აღარ დაკითხეს და დაიკითხნენ მხოლოდ პოლიციელები. მისივე თქმით ადვოკატები გაივლიან ყველა პროცედურას ევროპის სასამართლომდე.
ადვოკატის თქმით მათ არც სააპელაციო სასამართლოს იმედი აქვთ, მაგრამ მაინც უნდა დაიცვან პროცედურები და სწორედ ევროპის სასამართლოში იპოვონ სიმართლე.
-"ემზარ კვიციანს შესთავაზა პროკურორმა, თქვი, რომ არ იყავი მართალი და დღესვე გაგათავისუფლებო, მაგრამ კვიციანი ამას არასდროს დათანხმდება, რადგან ის არასოდეს გაამართლებს იმ რეჟიმს, რომელმაც უამრავი ადამიანი გაამწარა. ემზარმა სთქვა, რომ არასდროს აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია".
კახნიაურის თქმით, კანონი უნდა მეფობდეს ყველა ხელისუფლების დროს.
-"ხელისუფალნი მიდიან და მოდიან, კანონი უნდა კანონობდეს! ყველას უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ ყველა ხელისუფლების დროს კანონიერი განსჯა და კანონიერი მისჯა იქნება. ძალიან მეეჭვება ის, რომ ღარიბაშვილის ინტერესებში შედიოდეს ემზარ კვიციანის სამაგალითოდ დასჯა, სხვათაშორის ძალიან დიდი სხვაობაა სამაგალითოდ დასჯასა და სამართლიანად დასჯას შორის"