გიორგი ლაღიძე:-"ალბათ დედაქალაქის მერის იმპიჩმენტის საკითხიც დადგება დღის წესრიგში"
პარტიამ "მომავალი საქართველო" მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა. როგორც პარტიის ლიდერი გიორგი ლაღიძე აცხადებს, ამ საპროტესტო აქციით დედაქალაქის მერს და სხვა ჩინოვნიკებს შეახსენეს, რომ მათი და მათი ნათესავების გარდა დედაქალაქზე და ხალხის პრობლემების მოგვარებაზეც უნდა იზრუნონ. პარტიის ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დედაქალაქის მერს, დაიწყოს ზრუნვა მოსახლეობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიწყებენ აქციებს დედაქალაქის მერიასთან, კანცელარიასთან და ალბათ დედაქალაქის მერის იმპიჩმენტის საკითხიც დადგება დღის წესრიგში.
-""ყველას კარგად მოეხსენება, რომ სითი-პარკი ძალიან სერიოზულ პრობლემად აწვა დედაქალის მოსახლეობას და ნარმანია ჰპირდებოდა ხალხს, რომ ის გააუქმებდა სითი-პარკთან ხელშეკრულებას და ამ თვალსაზრისით ეს პრობლემა მოიხსნებოდა. ასევე ის, ძველი თბილისის მოსახლეობას, მათ ვისაც აქვთ ავარიული სახლები, ჰპირდებოდა, რომ დაუყონებლივ დაიწყებდა ამ სახლების შეკეთებას და დედაქალაქში მოაწესრიგებდა ინფრასტრუქტურას.
პრაქტიკულად, არც ერთი დაპირება არ შესრულებულა. სითი-პარკთან გაიყინა საკითხი და დედაქალაქის მერიამ ვერ გამოიჩინა საკმარისი პრინციპულობა და არ გააუქმა ხელშეკრულება. მე ვხვდები მოსახლეობას, მე მერობის კანდიდატი ვიყავი და ვიცი ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აქვს, ამ ადამიანებთან ისევ მაქვს შეხვედრა და პრობლემა პრობლემად რჩება.
არჩევნების შემდეგ მერიის თანამშრომლები არც ინტერესდებიან მოსახლეობის პრობლემებით. განსაკუთრებით გაუარესდა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მდგომარეობა დედაქალაქში. ძალიან ცუდი მდგომარეობაა მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებში. ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ დედაქალის მერმა და მისმა გუნდმა მოატყუა მოსახლეობა.
ეს პრობლემები ვერც 2015 წელს, თუნდაც ნაწილობრივ, ვერ გადაწყდება. აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, რაღაც შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე. სწორად არ არის ბიუჯეტი და პრიორიტეტები დაგეგმილი. რაც ჩვენს მოსახლეობას დღეს აწუხებს, არის მძიმე სოციალური პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს, თუნდაც ეტაპობრივად. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა ამ საკითხზე, სხვათაშორის არც "ქართულ ოცნებას" ჰქონდა ცუდი გეგმა, მაგრამ არის შესრულების პრობლემა.
კიდევ ერთი დიდი პრობლემა დღეს თბილისის მერიაში არის ნეპოტიზმი. ისინი ათავისუფლებენ, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლოდ პროფესიონალ კადრებს და საკუთარ ახლობლებს, ნათესავებს ნიშნავენ თანამდებობაზე.
ჩვენ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ დედაქალაქის მერს, დაიწყოს ზრუნვა მოსახლეობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ აქციებს დედაქალაქის მერიასთან, კანცელარიასთან და ალბათ დედაქალაქის მერის იმპიჩმენტის საკითხიც დადგება დღის წესრიგში," - განაცხადა ლაღიძემ.