გიგლა ბარამიძე: ცოცხალი ემზარ კვიციანი მიხეილ სააკაშვილს არ აწყობს!
როგორც "დემოკრატიული მოზრაობა-ერთიანი საქართველოს" წევრი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პირველ პირებს, მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს არ აწყობს კვიციანმა გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელსაც ემზარ კვიციანი ფლობს.
"მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და წინა ხელისუფლების სხვა პირველ პირებს არ აწყობთ ცოცხალი კვიციანი. არსებობს მისი ლიკვიდაციის საფრთხე. მათ ეშინიათ, რომ კვიციანი ალაპარაკდება მათი შავი ბიზნესებისა და ამ ბიზნესში პარტნიორების შესახებ. კვიციანს შეუძლია, პირადად დაადოს მათ ხელი, როგორც ქვეყნის მოღალატეებს. ეშინიათ, რომ კვიცანმა არ თქვას, ვინ გასცა ბრძანება, აეყარათ ჯარისკაცები კოდორიდან, არ დაენდოთ არავინ. კვიციანმა ბევრი რამ იცის კოდორიდან გატანილი იარაღისა და მისი გაყიდვის შესახებაც. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, მაქსიმალურად დაიცვან ემზარ კვიციანის სიცოცხლე და უსაფრთხოება",- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
გიგლა ბარამიძემ დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და საქართველოს სხვა პარტნიორებს მიმართა და იმ თანხებით დაინტერესებისკენ მოუწოდა, რომელიც მათი მხრიდან საქართველოსთვის ავტომატური შაშხანებისა და სხვა საჭირო საშუალებების შესაძენად გამოიყო.