ნინო ბურჯანაძე:-"გვაქვს ინფორმაცია, რომ საყოველთაო აღწერის მეორე ეტაპიც ჩატარდება და იმედია, რომ მეორე ეტაპის დროს ყველა ოჯახში შევლენ და უკვე ფანქრების ნაცვლად ავტოკალმებს მაინც გამოიყენებენ"

ნინო ბურჯანაძე:-"გვაქვს ინფორმაცია, რომ საყოველთაო აღწერის მეორე ეტაპიც ჩატარდება და იმედია, რომ მეორე ეტაპის დროს ყველა ოჯახში შევლენ და უკვე ფანქრების ნაცვლად ავტოკალმებს მაინც გამოიყენებენ"

    "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის სათაო ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით ცნობილია, რომ საქართველოში ამომრჩეველთა სიებში არის 3 მილიონ 200 ათასი ადამიანი, მაშინ როდესაც ყველამ იცის, რომ 3 მილიონ 200 ათასი დღეს საქართველოს მოსახლეობაც კი არ არის. 

"მინდა შევახსენო "ქართულ ოცნებას", რომ სწორედ მასში შემავალი პარტიების კატეგორიული მოთხოვნა იყო ამომრჩეველთა სიების დაზუსტება, უფრო მეტიც, ეს მოთხოვნა იმდენად პრინციპული იყო რომ ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ საკუთარი თანხებით დააფინანსებდა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების პროცედურას.

ჩვენ არაერთხელ მოგვიწოდებია "ქართული ოცნებისთვის", მოსახლეობის საყოველთაო აღწერა გამოეყენებინა იმისათვის, რომ პარალელურ რეჟიმში დაეზუსტებინა ამომრჩეველთა სიები. ეს დაზოგავდა როგორც დროსა და ენერგიას, ასევე საბიუჯეტო სახსრებს. თუმცა, სამწუხაროდ ჩვენი ეს მოწოდება კვლავ ყურადღების მიღმა დარჩა, იმდენად რამდენადაც სრულიად ნათელია, "ქართულ ოცნებას" არ აწყობს ამომრჩეველთა სიების დაზუსტება. მას უნდა რომ დაახლოებით 500 ათასი ამომრჩევლის ხმა, რომელიც ზედმეტია საარჩევნო სიებში, გამოიყენოს იმისათვის რომ ხელისუფლებაში რაც შეიძლება უფრო დიდხანს დარჩეს, ისევე როგორც ამას აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა".

   ნინო ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ თავადად მოსახლეობის აღრიცხვის პროცესი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ანკეტები ივსებოდა ფანქრით, რაც პირდაპირ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩასწორდეს ისე როგორც ეს კონკრეტულ პირებს აწყობთ. მისი თქმით, ძალიან ბევრი ოჯახია ისეთი სადაც  ინტერვიუერები არ შესულან და გამოკითხვა არ ჩატარებულა, ერთ-ერთი კი თავად მისი ოჯახია. როგორც კოალიციის შიდა გამოკითხვით დადგინდა, კოალიციის წევრების 30 %-ში საყოველთაო აღწერა არ ჩატარებულა.

   -"გვაქვს ინფორმაცია, რომ საყოველთაო აღწერის მეორე ეტაპიც ჩატარდება და იმედია, რომ მეორე ეტაპის დროს ყველა ოჯახში შევლენ და უკვე ფანქრების ნაცვლად ავტოკალმებს მაინც გამოიყენებენ, მაგრამ იგნორირეაბა იმ მოთხოვნისა რომ საყოველთაო აღწერის პარალელურად დაზუსტებულიყო ამომრჩეველთა სიები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების გაყალბებისათვის.

   მე ძალიან კარგად მახსოვს ის ისრები, რომელსაც "რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები" და სხვა პარტიები მუდმივად ისროდნენ ხელისუფლების მიმართ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ბატონებო, თქვენ რას აკეთებთ იმისათვის, რომ წინა ხელისუფლებაზე უკეთესები იყოთ? რას აკეთებთ იმისათვის, რომ თქვენივე მოთხოვნილი და დაწერილი წინადადებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ძალაში შევიდეს? დაგვისახელეთ ერთი გადაწყვეტილება მაინც, რომელიც რეალურად იქნება იმისაკენ მიმართული, რომ რეალურად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. თუ ეს მოთხოვნები კვლავ არ იქნა შესრულებული და "ქართულმა ოცნებამ" ძალაში დატოვა ძველი საარჩევნო გარემო, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მზადდება არჩევნების გაყალბება, ხოლო საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას არც ჩვენ და არც საზოგადოება არ დავუშვებთ.

   მოვუწოდებ ხელისუფლებას, ისარგებლოს დარჩენილი დროით და საყოველთაო აღწერის მეორე ეტაპზე მაინც მოხდეს პარალელურად ამომრჩეველთა სიების დაზუსტება," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: