ვის იწვევს რეალით შოუში ჯონდი ბაღათურია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის მიერ ნათქვამ ფრაზას-"160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარს"-"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გამოეხმაურა და განაცხადა:
-"ყველას, ვისაც ჰგონია, რომ კაცი უნდა ეყოს 160 ლარს, შევთავაზებ - ვსინჯოთ და 1 ან 2 თვე 160 ლარად ვიცხოვროთ. გავაკეთოთ თუნდაც რეალითი შოუ. მასში მონაწილეობისთვის კი ვიწვევ პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და ბატონ ზურაბ ტყემალაძეს. მეც მათთან ერთად მივიღებ პროექტში მონაწილეობას და ჩავატაროთ ეს ექსპერიმენტი - 160 ლარად გადავიხადოთ გადასახადები, ვიყიდოთ საკვები და წამალი".
ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ პენსიონრებთან შეხვედრაზე ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა:
-"თუ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება და 2015 წლიდან ყველა პენსიონერს საარსებო მინიმუმამდე არ გაეზრდება პენსია, "ქართული დასი" იქნება ორგანიზატორი ყველა კატეგორიის პენსიონერთა აქციის. აქ, კანცელარიასთან გაიშლება კარვები და იქნება პერმანენტული ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ უარი თქვას საკუთარ კომფორტებზე, ჯიპებზე, გაზრდილ ხელფასებსა და პრემიებზე, რითაც გამოირჩევიან "ქართული ოცნების" ლიდერები და დაიწყოს დაფინანსება სოციალური პროექტების. პირველ რიგში კი გატარდეს საპენსიო რეფორმა, რომელიც გულისხმობს პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდას და შემდგომში პენსიის დიფერენციაციას".