გეორგიევსკის ლენტები და ასევე რუსეთის დროშის ფერების ათეულობით ლენტი საქართველოში მოქმედ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება
ყირიმის ანექსიის სიმბოლოდ ქცეული ე.წ. გეორგიევსკის ლენტები, ასევე რუსეთის დროშის ფერების ათეულობით ლენტი საქართველოში მოქმედ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. გამყიდველის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, იქვე მითითებულია მისამართიც: თბილისი, გულუას ქ. #4.
ვებ-გვერდზე საქონლის დასახელებად მითითებულია "ტექსტილის ლენტი". ლენტების რაოდენობა 3.450 ცალია, მიმდინარე ფასი კი 69 ლარი. აუქციონი 18 ნოემბერს გამოცხადდა და 24 ნოემბერს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ლენტებით მოძრავი მანქანების მძღოლები როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში და ბათუმში არაერთხელ გააფღტხილეს და აიძულეს, ლენტები ჩამოეხსნათ.
"აფხაზეთის ხმის" არქივში ინახება ფოტოები, რომლებიც 12 ივნისს, რუსეთის დღესაა გადაღებული ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებში, სადაც ავტოინსპექტორები მანქანებს აჩერებდნენ და სწორედ ამგვარ ლენტებს ურიგებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული აუქციონი www.eauction.ge 2010 წლიდან მოქმედებს. როგორც ვებ-გვერდის აღწერაშია ნათქვამი, ის "გახდა უნივერსალური პორტალი, რომელმაც გააერთიანა ყველა სახის სახელმწიფო ქონების რეალიზაცია/პრივატიზაცია ერთ სივრცეში. ვებ გვერდი ძალიან მოკლე დროში საკმაოდ პოპულარული და რეიტინგული გახდა, სახელმწიფო სტრუქტურების შემდეგ მას შემოუერთდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებიც და დაიწყეს უძრავი და მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა -ს www.eauction.ge მეშვეობით".
წყარო fmabkhazia.com