რაულ ხაჯიმბა:-"ჩვენ რომ არა, ახლა რუსეთის სამხრეთ საზღვარზე ნატოს ჯარები იდგებოდა"
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ უკვე 10 წელია რუსეთი უხდის პენსიებს აფხაზეთში მცხოვრებ პენსიონრებს და "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების" ხელმოწერის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება იღებს ვალდებულებას გაზარდოს პენსიები.
-"ამ ხელშეკრულებით რუსეთი იღებს ვალდებულებას გაზარდოს პენსიები ჩვენთან და ეს მიუხედავად იმისა, რომ თავად რუსეთში ახლა რთული ეკონომიკური ვითარებაა. გაიზრდება ხელფასები და ეს იქნება დიდი შვება ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხარდაჭერა არ იქნება მუდმივი და ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკა და თავად შევძლოთ უკეთესი მომავლის შექმნა"-განაცხადა ხაჯიმბამ აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში.
ხაჯიმბას თქმით, რუსეთი ეხმარება აფხაზეთს იმის გამო, რომ აფხაზეთმა დაიცვა რუსეთის ინტერესები.
-"ჩვენ რომ არა, ახლა რუსეთის სამხრეთ საზღვარზე ნატოს ჯარები იდგებოდა, ჩვენ დავიცავით საკუთარი თავი და რუსეთის ინტერესებიც".