სოზარ სუბარი: საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის!
როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები სხვადასხვა ქვეყნდბიდან მოდიან.
"საქართველოში ბევრი თავშესაფრის მაძიებელი თუ ლტოლვილი მოდის ერაყიდან და სირიიდან - არიან ქურთები, იეზიდები, არაბები. გვყავს ლტოლვილები უკრაინიდანაც. როცა ჩვენვე ათასობით დევნილი გვყავს, ცოტა ძნელია მათი დაკმაყოფილება, თუმცა, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ლტოლვილებს ბინების დაქირავებაში, ვაძლევთ თავშესაფარს მარტყოფში. აშშ-ის დახმარებით შენდება ლტოლვილთა ახალი თავშესაფარი, 120 კაცზე გათვალისწინებული კორპუსი", - აცხადებს მინისტრი.
მინისტრის თქმით, ადგილობრივი დევნილების მთავარ პრობლემად მათი საცხოვრებლებით უზრუნველყოფა რჩება.
"როდესაც სამინისტროში მოვედი, დამხვდა სტატისტიკა, რომ დაახლოებით 56 000 ოჯახია ბინით დასაკმაყოფილებელი. დასახლების გარდა, დევნილებში მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებთან და შევიმუშავეთ დევნილთა დახმარების ერთობლივი პროექტები. დევნილთა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური საშუალებაა "სოფლად სახლის" პროგრამა, რომელიც გულისხმობს 20 000 ლარის ფარგლებში სოფელში სახლის ყიდვას იმ დევნილისთვის, რომელიც მზად არის, ქალაქიდან სოფელში წავიდეს. პროგრამის ეფექტურობა მის სისწრაფეშია - ინფრასტრუქტურა მოგვარებულია, სახლს აქვს მიწა, რომლის დამუშავებაც შეუძლია, ადამიანს შემოსავალიც უჩნდება და თანამდევი სტრესიდანაც გამოდის", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.