დავით ბაქრაძე: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს უნდა მიუერთდეს!

დავით ბაქრაძე: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს უნდა მიუერთდეს!

  სოჭში დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბრიფინგი გაიმართა.  როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, დავითბაქრაძის განცხადებით, რუსეთი ამჯერად ცდილობს, სამართლებრივი ანექსიის გზით გაიფორმოს საქართველოს ტერიტორიები.


"გვინდა,  საგანგებო განცხადებით გამოვეხმაუროთ ხელმოწერის პროცესს, რომელიც დღეს შედგება სოჭში  და რომლითაც რუსეთი აპირებს, სამართლებრივად ბოლომდე მიიყვანოს აფხაზეთის რეგიონის ანექსირება. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის განსაკუთრებული სტატუსის, ავტონომიის მინიჭებით. შემდეგ იყო 90-იანი წლები, კონფლიქტის პროვოცირება და ეთნიკური წმენდა, ამას მოჰყვა  2008 წლის სამხედრო ოკუპაცია და დღეს, რუსეთი ცდილობს, სამართლებრივი ანექსიის გზით საბოლოოდ გაიფორმოს საქართველოს ძირძველი ნაწილები. მინდა, თავიდანვე განვაცხადო, რა თქმა უნდა, დღეს ხელმოწერილ დოკუმენტს არ გააჩნია  სამართლებრივი და იურიდიული ძალა,  მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს მხრიდან აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომლითაც ჩვენ დავუპირისპირდებით დღეს მიმდინარე ანექსიის პროცესს. სამწუხაროდ, საკმაოდ მკაფიო და ნათელი საფრთხის მიუხედავად, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა და მოუმზადებელი შეხვდა დღევანდელ დღეს, ამიტომ ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, უახლოესი დღეების განმავლობაში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც დავუპირისპირდებით რუსეთის ანექსიას. ამ ნაბიჯებს შორის გახლავთ ჩვენს მიერ პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელშიც გაწერილია ანექსიის საწინააღმდეგო კონკრეტული ნაბიჯები და პოლიტიკა.
მე ჩამოვთვლი სამ ძირითად ელემენტს ამ პოლიტიკიდან.

1.    დაუყოვნებლივ მიუერთდეს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და იმუშაოს იმაზე, რომ ამ სანქციების მიზეზებს შორის მოხვდეს საქართველოს ანექსიაც. ვინაიდან დღეს სრულიად არაბუნებრივია, რომ ჩვენ მოვთხოვოთ დასავლეთს მხარდაჭერა მაშინ, როდესაც ჩვენ თვითონ არ ვუჭერთ მხარს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

2.    დაუყოვნებლივ მოვითხოვოთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, სადაც განხილული იქნება ანექსიის საკითხი, ასევე ავამოქმედოთ ბერკეტები ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. მომზადდეს სარჩელები საერთაშორისო სასამართლოებში.

3.    გაუქმდეს ან გაიყინოს დროში განუსაზღვრელი ვადით ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ვინაიდან დღეს რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონ ვეგუებით და არაფრად ვაგდებთ აფხაზეთის ანექსირებას.

  ეს არის სამი ნაბიჯი, რომელიც, ჩვენი შეფასებით, უნდა გადაიდგას უახლოეს დღეებში. გარდა ამ სამი ნაბიჯისა, დოკუმენტში გაწერილია სხვა კონკრეტული დეტალებიც. ჩვენ მოვითხოვთ და ველით საქართველოს პარლამენტისგან, რომ მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე მიღებულ იქნება აღნიშნული რეზოლუცია. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ სახელისუფლებო პარტიას და ყველა სხვა პარტიას ამ ქვეყანაში, ვისაც აღელვებს საქართველოს ანექსია, გვერდზე გადავდოთ განსხვავებები და უთანხმოებები, დავსხდეთ ერთად და ერთად ვიმუშაოთ და ერთად შევიმუშაოთ ის პოლიტიკა, ის სტრატგია და ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსეთის სამართლებრივი ანექსიისგან", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: