შალვა ობგაიძე: პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო!
საკრებულოს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" დეპუტატმა შალვა ობგაიძემ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ.
როგორც ობგაიძემ განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არ ასახულა, ერთ-ერთი ასეთი საკითხი დედაქალაქის საგზაო უსაფრთხოებაა.
მისი განცხადებით, მალე ზოგიერთი ქუჩა გაუვალი გახდება და დედაქალაქს ამ მხრივ კოლაფსი ემუქრება.
"აქ საუბარია მოძრაობის უსაფრთხოების ერთიანი მაკოორდინირებელი რგოლის არარსებობაზე. ამიტომ დედაქალაქის მერიას ჩვენს წინადადებას ვთავაზობთ, არსებული მდგომარეობის მოგვარება ჯერ კიდევ შეიძლება, თუკი ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება პროგრამა - დედაქალაქი საცობების გარეშე. ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მუხლი უნდა იყოს მაკოორდინირებელი რგოლის შექმნა, რომელიც ბიუჯეტიდან დამატებით სახსრებს არ მოითხოვს", - განაცხადა ობგაიძემ.
კიდევ ერთ პრობლემად ოგბაიძე მოუწესრიგებელ შუქნიშნებს ასახელებს.
"ოპონენტები ხშირად გვეუბნებიან, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დიდი თანხის მობილიზება ხდება. მინდა გითხრათ, რომ ასფალტის დაგებასა და მოძრაობის ორგანიზებას შორის ტოლობის ნიშანი ვერ დაისმება. კარგად დაგებული ასფალტი საცობების გარეშე ცხოვრებას არ ნიშნავს და ამ პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო", - განაცხადა დეპუტატმა.