კახა კახიშვილი:-""სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ზოგიერთები ცდილობენ საზოგადოების აზრის ფორმირებას"
სახალხო დამცველის მიერ პატიმრების წამების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი სოციალური ქსელით.
-"სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ზოგიერთები ცდილობენ საზოგადოების აზრის ფორმირებას იმ კუთხით, თითქოს და მე ან სამინისტროს რომელიმე ხელმძღვანელი ხელს აფარებს ე.წ. წამების ფაქტებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განვმარტავ, რომ იმის შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა სახალხო დამცველის განცხადება, გლდანის მე-8 დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გაკეთდა ყველაფერი, რათა დადგენილიყო სიმართლე.
1. დაუყოვნებლივ მიეცა მითითება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სამსახურებრივი შემოწმების დაწყების შესახებ.
2. საგამოძიებო დეპარტამენტს მიეცა დავალება, ამ საკითხთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაეკითხათ, როგორც პატიმრები, ასევე თანამშრომლები.
3. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას არ დარჩენოდა კითხვები, უწყებაში ჩაკეტილ გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურასთან კონსულტაციის შედეგად, აღნიშნული საქმე გამოითხოვა და გამოძიებას დაასრულებს საქართველოს პროკურატურა.
4. გაჩენილმა კითხვამ, გამოძიების მიმდინარეობისას რატომ არ იქნენ გადაყენებულნი შესაბამისი მუშაკები, განვმარტავ, რომ აღნიშნულ პროცედურას არეგულირებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და თანამშრობლების უფლებამოსილების შეჩერების საკითხს წყვეტს სასამართლო. (სხვათა შორის, მახსოვს, ერთი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებამ უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ზოგიერთ უფლებადამცველს გაუჩინა კითხვები და საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართეს, რათა დაედგინათ, რამდენად უფლებამოსილი იყო სასამართლო აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად).
ამრიგად, მინდა აღვნიშნო, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდა ამ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. იმედია, გამოძიება დაადგენს სიმართლეს. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა, რომ რომელიმე თანამშრომელმა თავს უფლება მისცა და აწამა პატიმარი, მერწმუნეთ, რომ ამას არავინ დამალავს, საკუთარი ძმაც რომ იყოს. აქვე, ვადასტურებ, რომ ამ სისტემაში არის ძალიან ბევრი პრობლემა, დაწყებული პატიმართა და თანამშრომელთა უფლებებით, დასრულებული მენეჯმენტითა და ინფრასტრუქტურით. ზუსტად ამის აღმოსაფხვრელად არის მომზადებული 38 კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 28 ნოემბერს წარედგინება საქართველოს მთავრობას და სამთავრობო განხილვის შემდეგ გადაეცემა საქართველოს პარლამენტს,"- წერს კახიშვილი სოციალურ ქსელში.