ილია ჭავჭავაძის 175 წლის იუბილე აღინიშნა

ილია ჭავჭავაძის 175 წლის იუბილე აღინიშნა

საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175 წლის იუბილე აღინიშნება. მწერლის ხსოვნის პატივსაცემად ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ.


საიუბილეო ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც დაესწრო. უწმინდესის ბრძანებით, დღეს ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია.


"ღმერთის სიყვარულით ცხოვრობდა ილია მართალი, ის იყო ღმერთთან და ღმერთი იყო მასთან. მან ბევრი განსაცდელი გამოიარა, მაგრამ იდგა მტკიცედ. ის იყო უგვირგვინო მეფე და საქართველოს სულიერი მამა. როცა საქართველოს პოლიტიკური თავისუფლება და ავტოკეფალია დაკარგული ჰქონდა, ილია მართალი ერისა და ქვეყნის წინაშე ბევრს აკეთებდა, რათა საქართველოს სახელი არ გამქრალიყო. შევთხოვოთ უფალს, ილია მართლის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს", _ ბრძანა უწმინდესმა.


საგურამოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფება.


დღესვე საგურამოში გაიმართა დაჯილდოება, სადაც გამოვლინდნენ წლის საუკეთესო პოეზიის, პროზის, თარგმანის, კრიტიკის, ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ხელოვნების ნამუშევრების ავტორები.  ილია ჭავჭვაძის პრემიები პოეტებს ეთერ თათარაიძესა და ვახტანგ ჯავახაძეს, მწერლებს ირაკლი სამსონაძესა და გივი შახნაზარს, კრიტიკოსს თამაზ ვასაძეს, მსახიობ გოგი ხარაბაძეს (ხელოვნებაში შეტანილი დამსახურებული წვლილისთვის) და გიორგი გოგოლაშვილს (ჰუმანიტარულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის) გადაეცათ.


საპატიო ჯილდო – "ილიას მედალი" საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილსა და ვახტანგ ჯავახაძეს გადაეცა.


შეგახსენებთ, რომ საიუბილეო ღონისძიებები საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: