რატომ იწყებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბიჭის დედა შიმშილობას და რას მოითხოვს საგამოძიებო ორგანოებისგან

რატომ იწყებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბიჭის დედა შიმშილობას და რას მოითხოვს საგამოძიებო ორგანოებისგან

   აუტიზმის სპექტრის მქონე 4 წლის გაბრიელის დედა, თამუნა იარაჯული შიმშილობას იწყებს და საჯარო მიმართვებსაც ავრცელებს საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაღის აუტიზმის სპექტრის მქონე აღსაზრდელი  - 4 წლის გაბრიელი პედაგოგმა სცემა. როგორც დედა აცხადებს, იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვი ბაღიდან შემოხეული მაისურით დაბრუნდა. მშობელი მომხდარში მასწავლებლებს ადანაშაულებს.

   თამუნა იარაჯულის განცხადებით, მან 1 კვირის წინ მიმართა პროკურატურას, რომ მისთვის დაზარალებული მხარის სტატუსი მიენიჭებინათ.

   -"დღეს მივიღე პროკურატურისგან წერილი, რომელშიც მიცხადებენ, რომ დაზარალებულ მხარედ არ გვცნობენ. ეს მოთხოვნა მაქვს იმიტომ, რომ დაზარალებული მხარის სტატუსის მიღების გარეშე კანონმდებლობის თანახმად, საქმის მასალებში და გამოძიების მსვლელობის პროცესში ვერ ჩავიხედავთ. ამასთან, 2 თვის განმავლობაში ვუკავშირდები გამომძიებელს, მსურდა საქმეში მასალები ჩამემატებინა, თუმცა მას ჩემთან დაკავშირების სურვილი არ გამოუხატავს. ზედამხედველ პროკურორს მივმართე, რომ გასაუბრება მსურდა და საერთოდ არანაირი პასუხი არ მიმიღია. ასევე მოგეხსენებათ, თუ როგორ მოიქცნენ სამართალდამცველები, როდესაც სახლში პოლიცია გამოვიძახე - მათ სიტუაცია ადეკვატურად ვერ შეაფასეს. აქედან გამომდინარე მე ჩვენს პოლიციას და პროკურატურას უნდობლობას ვუცხადებ. აქედან პირდაპირ მივდივარ გენერალურ პროკურატურასთან და ვიწყებ შიმშილობას. იძულებული ვარ, 3 შვილის დედა ქუჩაში გამოვიდე და ვიშიმშილო, რომ ვინმე დაინტერესდეს 4 წლის ბავშვის ცემის ფაქტით, რომელსაც ტუჩზე ნახეთქი აშკარად აღენიშნებოდა. თუნდაც შევეწირო ამ საქმეს, მე სხვა გამოსავალი არ მაქვს. მოვითხოვ მცნონ დაზარალებულ მხარედ, რომ საქმის მასალებს გავეცნო. ასევე, ვთხოვ შესაბამის მინისტრს საქმე თავისი პასუხიმგებლობის ქვეშ აიღოს და მისი გამოძიება ისეთ პირს დაავალოს, რომელიც 26 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაში უკეთ ერკვევა", - განაცხადა იარაჯულმა. 

   თამუნა იარაჯულმა მიმართა სახალხო დამცველსაც, რომელიც 4 წლის გაბრიელის საქმის მასალებს სწავლობს, საკუთარი დასკვნა დადოს ხორციელდებოდა თუ არა ბავშვზე დისკრიმინაცია. როგორც ცნობილი ხდება ის მალე გაასაჯაროებს იმ ვიდეოს, სადაც პოლიციელების ქმედებაა აღბეჭდილი.

-"ვიდეოზე ასახულია საპატრულო პლიციის წარმომადგენელთა სახლში შემოსვლა და როგორ ვერ აღიქვამენ შექმნილი მდგომარეობის სირთულეს, ასევე როგორ ვეხვეწებოდი პოლიციელებს შესაბამისი ზომები მიეღოთ", - აღნიშნა მან.

   როგორც "პირველ პრესკლუბში" "ადვოკატთა ალიანსის" წარმომადგენელმა ანა მჭედლიშვილმა აღნიშნა, ორგანიზაციამ იარაჯულს იურიდიული კონსულტაცია გაუწია. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს. მჭედლიშვილის განცხადებით, აქამდე არ დაკითხულა ბავშვის ფსიქოლოგი, რომელსაც მასთან პირველადი შეხება ჰქონდა. 

   -"მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდინონ დაკისრებულ მოვალეობას და ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ", - აღნიშნა მან.

   საქმით დაინტერესებულია ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის". მისმა ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 4 წლის ბავშვთან მიმართებაში სახელმწიფო ისე იქცევა, რაც არც საერთაშორისო სტანდარტებს და არც ქვეყნის შიდა კანონმდებლობას შეესაბამება. 

   -"დედას სრული უფლება აქვს ინფორმაციას ფლობდეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, გამომძიებელმა იცოდეს დედის მოსაზრება კონკრეტულ საკითხებზე. ამ დღეებში ვაპირებთ გავასაჩივროთ პროკურორის დადგენილება, რათა ის გაუქმდეს და ახალი დადგენილებით, რომელსაც ზემდგომი პროკურორი მიიღებს, გაბრიელის მშობლებს დაზარალებული მხარის სტატუსი მიენიჭოთ", - განაცხადა აბაშიძემ. 

   საქმეში ასევე ჩართულია ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის".  როგორც მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ახმეტელმა "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, პროკურატურა შესაბამისად არ იქცევა.

   -"გაბრიელის შემთხვევა უნდა გამოვიყენოთ მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის და სხვა ბავშვების დასაცავად. თუმცა პროკურატურის დღევანდელი ქმედებები ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ასეთ შემთხვევას კატასტროფად არ მიიჩნევენ და შესაბამისადაც არ რეაგირებენ. წარმოიდგინეთ დედაქალაქში რომ ეს ხდება, რა მდგომარეობაში არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები რეგიონებში. არის შემთხვევები, როდესაც ასეთ ბავშვებს მხოლოდ იმიტომ სცემენ, რომ განსხვავებულები არიან", - აღნიშნა მან პირველ პრესკლუბში. 

 

   ცნობისთვის,2014 წლის 29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის გაბრიელს სახეზე ფიზიკური ზიანი ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ამის შესახებ დასკვნა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ გამოაქვეყნა. როგორც ბავშვის მამა განმარტავს, ექსპერტმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სახეზე აღნიშნული ზიანი არ შეიძლება სათამაშო ფონეიდოსკოპით იყოს მიყენებული, როგორც ამას სკოლა-ბაღ სადუნის აღმზრდელები ამბობენ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: