ლევან ბერაძე: საქართველოს ხელისუფლებამ საგადასახადო ამნისტია უნდა გამოაცხადოს!

ლევან ბერაძე: საქართველოს  ხელისუფლებამ  საგადასახადო ამნისტია უნდა გამოაცხადოს!

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს. 


"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის ლევან ბერაძის განცხადებით, შესაძლო ერთჯერადი საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება სახელმწიფომ სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში უნდა მოიაზროს, ვინაიდან 2004-2012 წლების პერიოდში ადგილი ჰქონდა თავისუფალ ბიზნესსაქმიანობაში ღია თუ ფარულ ჩარევას.
"ორგანიზაციის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამეწარმეო-ეკონომიკური დანაშაულისათვის, 2005 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 646 პირის მიმართ, 2006 წელს - 684, 2007 წელს - 191, 2008 წელს - 64, 2009 წელს - 87, 2010 წელს - 294, 2011 წელს - 327, 2012 წელს - 99, 2013 წელს -70, ხოლო 2014 წლის 6 თვის მონაცემით - 27 პირის მიმართ, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, სამეწარმეო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულებზე ბრალი წარედგინათ 2010 წელს 279 პირს, 2011 წელს - 342, 2012 წელს - 164, 2013 წელს - 182, ხოლო 2014 წლის 6 თვის მონაცემით, 81 პირს", - აღნიშნა ლევან ბერაძემ.

ორგანიზაციის შეფასებით, 2005-2014 წლებში სისხლის სამართლის კოდექსის 190-207 მუხლებით გათვალისწინებული ეკონომიკური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკა დაბალია, ვინაიდან 2004 წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა ერთჯერადმა ამნისტიის აქტმაც აჩვენა, რომ დეკლარირებულ იქნა 11 664 302 ლარის ღირებულების ქონება, მაშინ, როდესაც ამ კანონის მიღებისას, სახელმწიფო იმედოვნებდა, რომ 2 მილიარდი ლარის ღირებულების ქონების დეკლარირება მოხდებოდა.
"შესაბამისად, 2005-2014 წლების სტატისტიკამ აჩვენა, რომ ეკონომიკური დანაშაულის ფაქტები კვლავ სახეზეა, თუმცა, აღნიშნული დანაშაულის გახსნის სპეციფიკისა და სირთულის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღემდე ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებს ისევ გააჩნია ფარული მოქმედების სფერო და დანაშაულის არაოფიციალური სტატისტიკა გაცილებით მაღალია", - განაცხადა ლევან ბერაძემ.

"ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, თუკი სახელმწიფო განიხილავს ამნისტიის გამოცხადების საკითხს, მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს 2004 წლის 24 დეკემბერს გამოცხადებული ამნისტიის მოლოდინებისა და შედეგეების თანაფარდობას და სწორ ანალიზს. "ახალგაზრდა ადვოკატების" აზრით, საგადასახადო ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა მეწარმეზე, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე არ უღიარებია საგადასახადო დავალიანება.

"სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს და სასჯელისაგან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებმაც სამეწარმეო დანაშაული ჩაიდინეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წინასწარ დაანონსებული ამნისტია ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება, რადგან, ასეთ დროს ხდება პოტენციური კანონდამრღვევის წახალისება დანაშაულის ჩასადენად იმ იმედით, რომ ამნისტიის შედეგად ის გათავისუფლებული იქნება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ამნისტიის გამოცხადებას ექნება აზრი, თუკი ეს დასრულებულ პერიოდს შეეხება. შესაბამისად, ფინანსური ამნისტია გამოცხადდეს 2012 წლის 31 დეკებრამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის, რაც საშუალებას არ მისცემს მოქალაქეებს, ამნისტიის იმედით  ჩაიდინონ ახალი დანაშაული", - განაცხადა  ლევან ბერაძემ.

ცნობისთვის: სახელმწიფომ საგადასახადო ამნისტია 2004 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა და მიიღო ერთჯერადი კანონი: "ამნისტიის და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: