ლეგენდარული მორაგბე ტანა უმაგა თბილისშია
დღეს დოჰა-თბილისის რეისით საქართველოში ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბე ტანა უმაგა ჩამოვიდა.
როგორც ცნობილია, ტანა უმაგა ნაკრების თავკაცს მილტონ ჰეიგს 17 და 24 ნოემებრს იაპონიასთან და ფიჯისთან გასამართ ტესტმატჩებში გუნდის მზადებაში დაეხმარება. უმაგა ჰეიგთან ერთად ნოემბრის ტესტების დროს იმუშავებს, თუმცა მასთან თანამშრომლობა შესაძლებელია, რომ მომავალშიც გაგრძელდეს. ამასთან, თუ რაგბის კავშირი და ტანა უმაგა შეთანხმდებიან, მაშინ ზელანდიელი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მსოფლიოს თასის დროსაც იქნება.
თბილისში ჩამოსულ უმაგას ნაკრების თავკაცი მილტონ ჰეიგი და ნაკრების მენეჯერი ლაშა ხურციძე დახვდნენ.
უმაგას კაპიტნობით ზელანდიის ნაკრებმა ჩატარებული 21 მატჩიდან 19 მოიგო. ტანას ნაკრებში 74 კეპი აქვს მოხვეჭილი, ხოლო სამხრეთულ ზე-14-ში 111 მატჩი აქვს ჩატარებული.
ტანა უმაგა: " საქართველოში რაგბის კავშირის მოწვევით ჩამოვედი. კარგად ვიცნობ თქვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს მილტონ ჰეიგს, რომელთან ერთადაც მიმუშავია. ვიცნობ, რამდენიმე ქართველ მორაგბეს - გია ლაბაძეს, დავით ზირაქაშვილს, დავით ქუბრიაშვილს. ზოგადად საქართველოს ნაკრებზეც მაქვს ინფორმაცია, მაქვს ნანახი მსოფლიოს თასზე ჩატარებული თამაშები. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ნაკრების ნოემბრის ტესტმატჩებში დახმარებაა. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობა შედეგს გამოიღებს და ეს თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება. შევეცდები, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველ მორაგბეებს გავუზიარო".
მილტონ ჰეიგი:" მალე ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის და ისეთი მორაგბის და მწვრთნელის გამოცდილება, როგორიც ტანა უმაგაა უდავოდ გამოგვადგება. გვინდა, მას ვაჩვენოთ ქართული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო - უგემრიელესი კერძები. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მას ძალიან მოეწონება. ასევე, იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ მოლაპარაკებას და ტანა უმაგა 2015 წელს მსოფლიოს თასის დროს ჩვენ სამწვრთნელო შტაბში იქნება".