ნიკოლოზ კაჭკაჭური: სხვა გზას აღარ გვიტოვებს ეს "სითი პარკი"!
მძღოლთა ასოციაცია "ტასატის" პრეზიდენტი ნიკოლოზ კაჭკაჭური და "ასავალ-დასავალთან" საუბარში აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საკრებულოში საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ახალ პროექტს წარადგენს.
"ახლა ვამზადებ ძალიან დიდ პროექტს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ და არა მარტო მასზე. ეს პროექტი ბევრ რამეს დაარეგულირებს თბილისში. ამ პროექტს მხარდამჭერები ჰყავს თბილისის საკრებულოში. ამ კვირაში საკრებულოს უნდა წარვუდგინო პროექტი და თუ ის მიიღეს, მაშინ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება მძღოლთა სასიკეთოდ. ამის მერე მივხედავ "სითი პარკს". კაცო, ჩვენ ტვინი არ გვაქვს? რად გვინდა უცხოური აუდიტორული კომპანია და მისი მეშვეობით, "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების დაუსრულებლად შესწავლა? მგონი, 3 თვეა, ამ ხელშეკრულებას სწავლობენ და კიდევ ვერ შეისწავლეს, ახლა აუდიტი დაიხმარეს. "სითი პარკის" არასწორი პარკირების შედეგია, რომ ე.წ. ქავთარაძის ბაზრობასთან მუდამ პრობლემები აქვთ მანქანის გასაჩერებლად მძღოლებს, ხელოვნური საცობები იქმნება და ავტოსაგზაო შემთხვევებიც ხშირია. ისეთი ქაოსია იქ, ხალხს სხვა გზას აღარ უტოვებენ, აკრძალულ ადგილას აჩერებს ბევრი მანქანას და "სითი პარკსაც" ეგ უნდა, მაშინვე აჯარიმებს მათ. კარგარეთელის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობაა, მაგრამ ისეა დახაზული ამ "სითი პარკის" სადგომები, ისეა გაჩერებული ამ სადგომებზე მანქანები, რომ კარგარეთელის ქუჩაზე ორი მანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევს. ავტობუსის გაჩერებებთანაც "სითი პარკის" პარკირებებია და ისეთ ადგილას, სადაც არ შეიძლება, ზოგჯერ მძღოლი გაჩერებაზე ვერ აჩერებს ავტობუსს, რადგან "სითი პარკის" შემოსაზღვრულ ადგილებზე დგას მანქანები და ავტობუსს გაჩერებებზე არ უშვებენ. ავტოავარიების დიდი ნაწილი ამ არასწორი პარკირების ბრალია და ამაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება. ისე, ეს მერიის ტრანსპორტის სამსახურისა და სხვა შესაბამისი სამსახურების ბრალიცაა. საერთოდ არ ინტერესდებიან, რა ხდება ამ მხრივ ქალაქში. ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც მფარველობს "სითი პარკს". ვინ მფარველობს, ეგ ჯერ არ ვიცი და იმედია, გავარკვევ. თან არ მინდა, მერიის ახალ ხელმძღვანელობაზე აუგი ვთქვა, მაგრამ რამდენი ხანია მათთან შეხვედრა მინდა - ხან თათბირი აქვთ, ხან სადღაც გარბიან, მუდამ მოუცლელები არიან და ჯერ მაგათი გაკეთებული ერთი საქმეც ვერ ვნახე.
აი, საკრებულოში დასრულდეს ჩემი კანონპროექტის განხილვა, ეგეც მძღოლებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის კეთდება, თბილისისთვის კეთდება. აი, მერე, კი ბატონო! მართლა სხვა გზას აღარ გვიტოვებს ეს "სითი პარკი", მართლა გამოვიყვანთ მძღოლებს და არა მხოლოდ მათ. გარდა ავტომფლობელებისა, სხვებიც გამოვლენ ამ აქციაზე, ის მოსახლეობაც გამოვა, ვისაც მანქანა არ ჰყავს, რადგან "სითი პარკის" ავტოპარკირებით ფეხით მოსიარულეებიც წუხდებიან, კონკრეტული უბნების მცხოვრებლები წუხდებიან..." - განაცხადა ნიკოლოზ კაჭკაჭურმა.