ნაადრევად შეწყვეტილი „ნეტარება“ და ფანჯიკიძე-ივანიშვილის კოსმიური „ალიანსი“!
გულწრფელად ვიტყვი: ქალისადმი მოკრძალება ბავშვობიდანვე დამყვა. შეგნებულად გავურბივარ მათთან კამათს და მითუმეტეს, „საქმის გარჩევას“, რომელიც ხშირად აგრესიაში გადადის და პიროვნული შეურაცხყოფით მთავრდება ხოლმე. თუმცა, საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, ასეთი „იაღლიშებისგან“ დაზღვეული ნამდვილად არ ვარ!
როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ჩემს სტატიას „გააჩერეთ ნათია ფანჯიკიძე, თორემ შეიძლება პირველ ლედობასაც გამოჰკრას ხელი!“.
მკითხველს შევახსენებ, რომ სტატიაში მოკრძალებულად (თუმცა კრიტიკულად) შევაფასე ქ-ნ ნათია ფანჯიკიძის ბოლოდროინდელი სტატუსები, რომელსაც, მიუხედავად „სიმსუბუქისა“, აშკარად ცინიზმისა და უმადურობის ბეჭედი აზის!
სტატიის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით თუ ვიმსჯელებთ, მკითხველთა ნაწილმა ჩემი რეპლიკა ისე გაიგო, თითქოს ქ-ნ ნათიას პიროვნულად რამეს ვუწუნებდე - მწერალ გურამ ფანჯიკიძისა და საქვეყნოდ ცნობილ მთარგმნელ დალი კოკაიას ოჯახში გაზრდილს სწავლა-განათლება ნამდვილად არ აკლია, არც ამპარტავნებას დავაბრალებ, მაგრამ ის, რაც მის სტატუსებში ამოვიკითხე, არ შემეძლო უყურადღებოდ დამეტოვებინა.
არ ვიცი, რა „კოსმიური“ კავშირი აქვთ ერთმანეთთან ქალბატონ ნათია ფანჯიკიძეს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს („ჩვენ უხილავი ურთიერთობა გვაქვს“ - ეს ქალბატონი ნათიას სიტყვებია), მაგრამ, ის დანამდვილებით ვიცი, რომ მადლიერებას ქარაგმებითა და ალეგორიებით არ გამოხატავენ, მითუმეტეს, ცინიზმში არ აზავებენ!
ისიც არ ვიცი, ვის ჰქონდა ირაკლი ალასანიას „განადგურების“ სურვილი და რატომ ესროდნენ ასე თავგამეტებით (განსაკუთრებით გაოპოზიციონერების შემდეგ) მას ტალახის გუნდას, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ალასანიას ოპოზიციაში ხელოვნურად გადასვლით ქართული საქმე არ გაკეთდება და ეს ყველაფერი იმ ბინძური თამაშის ნაწილია, რომლის მსხვერპლი ორ ათეულ წელიწადზე მეტია გახდა საქართველო!
ამასთანავე, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ახალგაოპოზიციონერებული ალასანია ქართული მოვლენა არ არის (ამაში მის ქართულ წარმომავლობას არ ვგულისხმობ) და მის მიერ არჩეული გზა (უკვე მერამდენედ) ჩვენს სამშობლოს ტაძრამდე არ მიიყვანს!..
სტატიის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით თუ ვიმსჯელებთ (კომენტარებს ვგულისხმობ), დღესავით ნათელია, რომ საზოგადოების ცნობიერება ერთ ადგილზე გაიყინა და ჩვენ პირად და სახელმწიფო ინტერესებს ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებთ.
ჩემი ოპონენტების გასაგონად (რომლებსაც მზე და მთვარე ამოსდით ნათია ფანჯიკიძეზე და მე ივანიშვილის რუპორად მაცხადებენ) პიდაპირ ვიტყვი: ივანიშვილის ადვოკატად არ გამოვდგები და არც მაქვს ამის სურვილი, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ფანჯიკიძის ირონიაში „სხვა რამ“ ამოვიკითხე და ის „სხვა რამ“ ნამდვილად აზიანებს საქართველოს მომავალს!
ის, ვინც ფიქრობს, რომ ირაკლი ალასანია ოპოზიციაში გადასვლით და ხელისუფებაში ისევ დაბრუნებით კარგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, სწორედ ცდება. დიახ, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ალასანია არ არის ქართული მოვლენა - მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ გაწაფულია პოლიტტექნოლოგიებში, უცხოტომელთა დაკვეთის უბადლო შემსრულებელია და აწი თავად განსაჯეთ, რა ხეირს მოუტანს მისი „გაპირველკაცება“ საქართველოს!
თუმცა, ამ შემთხვევაში კრიტიკის მახვილი არა ალასანიაზე, არამედ ბიძინა ივანიშვილზე მექნება, რომელმაც იგი აქტიურ პოლიტიკაში მოიყვანა და დღესაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ძალების ადგილი ამოიქოლოს!
გულწრფელი მადლობა ქალბატონ ნათიას სტატიის კომენტირებისას აკადემიური სტილით რომ შემოიფარგლა და აქცენტი მისი და ბიძინას ურთიერთობაზე გადაიტანა და მე დიდსულოვნად დამინდო!
კომენტარიდან ბევრი რამ გავიგე: უპირველესად ის, რომ მან, როგორც „ბალანსისა და ჰარმონიის დედამ“, თურმე ივანიშვილის იმიჯი გადაარჩინა, მართალია დროებით, მაგრამ მაინც!
განსაკუთრებით საინტერესოა კომენტარის ფინალი: „ნუ ღელავთ... იცის ბატონმა ბიძინამ, ანგელოზები მისმენენ და ისიც იცის, რომ მკურნალი ვარ. ჩვენ ჩვენი უხილავი ურთიერთობა გვაქვს...“
არ ვიცი, რას კურნავს ქ-ნი ნათია, მაგრამ საკმაოდ დამაფიქრებელია მათი (მისი და ივანიშვილის) უხილავი, „კოსმიური“ ურთიერთობა. ამავე დროს, ძალიან საინტერესოა, რაზე საუბრობენ ისინი და რა მომავალს უმზადებენ ქვეყანას!
არა, ბატონებო და ქალბატონებო! საქართველო მოჯადოებული წრიდან უნდა გამოვიდეს. არ შეიძლება ერთსა და იმავე წყალში არათუ სამჯერ, არამედ ორჯერ შესვლაც. ჩვენ ახალი ძალა, ახალი ენერგია გვჭირდება. ლამაზი სიტყვებისა და ასევე ლამაზი დაპირებების დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს - უნდა ვისწავლოთ ვარდისფერი სათვალეების მოხსნა და ეიფორიიდან გამოსვლა!
P.S. გუშინ სოციალურ ქსელში შემთხვევით წავაწყდი ქ-ნ ნათია ფანჯიკიძის ინტერვიუს, რომელიც მან 2012 წლის 19 მარტს ჟურნალ „რეიტინგს“ მისცა.
ფანჯიკიძის სულიერ მეტამორფოზას რომ თავი დავანებოთ, ძალიან მეწყინა, ალასანია-ივანიშვილის ნამდვილ პარტნიორობას ნაადრევი ბზარი რომ შეეპარა. უფრო მეტად მეწყინა, ფანჯიკიძის ნაადრევად შეწყვეტილი „ნეტარებაც“!
მოდით თავად ქ-ნ ნათიას მოვუსმინოთ:
„ვიგრძენი, რომ პირველად დგას ირაკლის გვერდით ნამდვილი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია როგორც დარტყმის, ასევე საქმის საკუთარ თავზე აღება. რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია, ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ"
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/faceambebi/70167-irakli-alasanias-meughle-qrac-batoni-bidzina-gamochnda-meshinia-netarebamde-ar-mivide-isethi-mshvidi-varq.html#ixzz3KFweuTBf
კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ ქალბატონ ნათიას, რომ ეს სიმშვიდე ნაადრევად დაირღვა და ნეტარებაც პირველი თოვლივით გაქრა!
რაც შეეხება მის დღევანდელ სტატუსს, სადაც იგი პიროვნულ თავისუფლებაზე საუბრობს, ვიტყვი: ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში, მაგრამ ქალბატონი ნათია, უნდა თუ არ უნდა მას, დამძიმებულია თავისი მეუღლის პოლიტიკური დივიდენდებით და ამ სიმძიმისგან ასე იოლად ვერ გათავისუფლდება!
საბა საბახტარაშვილი