რატომ არის ლევან ღვინჯილია გაბრაზებული მთავრობაზე და როგორ "გამოუყო ენა" ივანიშვილმა
"ივერიონის" პრესკლუბში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენის სახელმწიფო პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ღვინჯილიამ ქართული ენის დაკნინებასა და სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიღების გაჭიანურებაზე ისაუბრა.
-"საქართველოში ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი მემატიანეების ინფორმაციით ფარნავაზ მეფის ეპოქიდან აქვს. ქართული ენა ზენიტში იყო დავითისა და თამარის მეფობის დროს და ამის დასამტკიცებლად "ვეფხისტყაოსანი" კმარა. შემდგომ პერიოდში, ჯერ კიდევ 30-ანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში არსებობდა სალიტერატორო ენის ნორმათა დამდგენი სახელმწიფო კომისია. ამ პერიოდშივე მოქმედებდა სახელმწიფო ენის სახელმწიფო კომისია, რომელსაც სათავეში ედგა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 90-იან წლებში ეს კომისია იყო რეორგანიზებული, გარკვეული თვალსაზრისით სახელწოდებასაც შეეხო ეს ცვლილება და მას დაერქვა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს ეს კომისია იყო გადმოტანილი პრეზიდენტის დაქვემდებარებაში და უკვე დამოუკიდებელ საქართველოში მას სათავეში ჩაუდგა ქვეყნის პირველი პირი. მომდევნო პრეზიდენტის, შევარდნაძის დროსაც ეს კომისია პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო და ამ დროს ეს კომისია სერიოზულად ამოქმედდა. 1995 წელს გამოქვეყნდა ენის სახელმწიფო პალატის კონცეფცია. 1996 წელს დედაქალაქის მერიაში შეიქმნა სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და ქალაქ-გაფორმების საზედამხედველო სამსახური, ხოლო 1997 წლის 24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა ენის სახელმწიფო პალატა, რომელმაც იარსება 2004 წლის დეკემბრამდე.
2002 წელს კანონპროექტი სახელმწიფო ენს შესახებ წარედგინა პარლამენტს, გაიმართა პლენარული სხდომა. მე გახლდით პრეზიდენტის მიერ დანიშნული მომხსენებელი. დამთავრდა მოხსენება, დაიწყო შეკითხვებზე პასუხების გაცემა და სხდომა დამთავრდა იმით, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდო. მიზეზად კი დასახელდა ის, რომ თურმე ღვინჯილიამ და ბურჯანაძემ პირი შეკრეს შევარდნაძის წინააღმდეგ და კანონპროექტიდან ამოიღეს ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა-"საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია ფლობდეს სახელმწიფო ენას", არადა ეს გახლავთ ერთადერთი ფრაზა ამ კანონპროექტში, რომელიც ჩემს მიერ არის დაწერილი".
ლევან ღვინჯილიას განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ბევრი უბედურება დატრიალდა, მაგრამ არც ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს შეცდომების გამოსწორებას.
-"ცოტა გაბრაზებული ვარ ამჟამინდელ ხელისუფლებაზე.სააკაშვილმა გააუქმა არა მარტო ენის სახელმწიფო პალატა, არამედ მუდმივმოქმედი კომისიაც, რომლის თავმჯდომარეც თვითონ უნდა ყოფილიყო. გაუქმდა პარლამენტის სახელმწიფო ენის კომიტეტი. როცა ახალი ხელისუფლება აპირებდა მოსვლას, შეიქმნა მოძრაობა "ქართული ოცნების თემატური ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი ქვეჯგუფის ხელმძღვანელი მე ვიყავი. ამ თემატურ ჯგუფს ერქვა-"ენა, კულტურა, განათლება, მეცნიერება". გაგვიჩნდა იმედი, რომ სახელმწიფო ენის შესახებ კანონს ახალი ხელისუფლება მიიღებდა. იმედი უფრო გაძლიერდა მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერად დანიშვნის დროს აღნიშნა, რომ აუცილებლად იქნებოდა მირებული ეს კანონი, თუმცა ისე წავიდა ის ამ თანამდებობიდან, რომ ძვრა არ ყოფილა, შემდეგ ახალმა პრემიერმაც იგივე ტექსტი გაიმეორა, ოდნავ სახეშეცვლილად, მაგრამ ჯერ-ჯერობით საკითხი ისევ ღიად რჩება.
„რა კაცები ხართ, თქვენ, რა პასუხს აძლევთ შთამომავლობას! ვაი, ამისთანა საქართველოს!“
ლევან ღვინჯილიამ კოალიციის წევრებს მიმართა:
-"ვინ შეგიშალათ ხელი განგეხორციელებინათ ის, რაც პროგრამაში იყო ჩადებული? ვინ შეგიშალათ ხელი, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გაგეთვალისწინებინათ ამისთვის თანხები? თუ სამსახურს ვერ შექმნი, ნუ შექმნი სამსახურს, მაგრამ სამსახურის გარეშე ვინ გიშლის კანონპროექტი მიიღო და კანონად აქციო? რომც არ ჰქონდეს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ნაკისრი ვალდებულება სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიღების თაობაზე, მან ეს მაინც უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ 23 წლის ილია ჭავჭავაძემ, როცა სამშობლოში ბრუნდებოდა გვითხრა-სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა წინაპართაგან ჩვენ ქართველებს და თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობასო. აი, რა კაცები ხართ, თქვენ, რა პასუხს აძლევთ შთამომავლობას! ღვთაებრივ საუნჯეს რატომ აყენებთ რიგითი სამეურნეო საქმიანობის გვერდით! ვაი, ამისთანა საქართველოს და ვაი იმ კაცებს, რომლებსაც სახელმწიფო კაცები ჰქვიათ და არ ესმით ის, რაც დიდმა ილიამ დაგვიბარა. სხვისა არ ვიცი და მე მშობელ მამასაც არ ვაპატიებდი ჩვენი ენის მიწასთან გასწორებას".