დემოკრატიის რაობა
დემოკრატიის დადებითი და უარყოფითი მხარეები
კაცობრიობა, სამყაროს არსებობის სიგრძეზე, კონკრეტულად კი პირველქმნილი ცოდვით დაცემის შემდეგ, თავის ისტორიულ სარბიელზე, სხვადასხვა ეპოქაში, ადამიანთა განვითარების დონის ცვალებადობასთან ერთად, ხშირად ქმნიდა და აფუძნებდა ამა თუ იმ პოლიტიკური წყობილებისა და სოციალური ფორმაციის სახეს, რომელიც დიდწილად განსაზღვრავდა სახელმწიფოს ფუნქციონალურ ხასიათსა და საზოგადოების ფასეულობათა სისტემას.
ნიშანდობლივია, რომ ადამიანთა საზოგადოების თავდაპირველ უჯრედს წარმოადგენს ოჯახი, რომელსაც ისტორიული განვითარების შედეგად, ღვთის განგებულება მართავს. სწორედ, საზოგადოებრივი კავშირების გართულებამ და კონფლიქტებმა განაპირობა სახელმწიფოს ფენომენის წარმოშობაც.
აქედან გამომდინარე, მუდამჟამს ხდებოდა ახალი იდეოლოგიებისა თუ მსოფლმხედველობრივი შეხედულებების კონცეპტუალური ჩამოყალიბება, რომელიც ზოგჯერ უკეთესის, ზოგჯერ კი უარესის შექმნის მოტივაციით იყო განპირობებული.
ყოველი მათგანი, ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაცით აუცილებლად ჰგავდა ერთმანეთს, რამეთუ მასების ათვისებისა და დამორჩილების საქმეში, თეორიათა ავტორებსა და უშუალოდ ხელისუფალთ, თითქმის ერთი და იგივე მიზანი ჰქონდათ, ოღონდ მისაღწევ გზად განსხვავებულ საშუალებებს სახავდნენ. მათ შორის სხვაობა და ღირსება, მათი მხრიდან სამოქალაქო სექტორში კონტროლის მექანიზმების დამკვიდრებისა და თავისუფლების ხარისხის მაჩვენებელში უნდა ვეძიოთ.
თანამედროვე მსოფლიოს ცივილიზირებულ წიაღში, უკანასკნელი ბატალიების საუკეთესო პროდუქტად სახელდობრ დემოკრატიასა და მის ღირებულებებს მიიჩნევენ, რაც ალბათ ნაწილობრივ მართალიც არის, თუმცა მოცემული შეფასება აბსოლუტურ კრისტალურობასა და აპრიორი ჭეშმარიტებას ვგონებ ბოლომდე არც უნდა გულისხმობდეს. საინტერესოა უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამიც: – "დემოკრატია მმართველობის ცუდი ფორმაა, თუმცა მასზე უკეთესი არ არსებობსო".
თუკი ეტიმოლოგიას მივყვებით, დემოკრატია (ბერძნ. "დემოს" – ხალხი; "კრატოს" – კანონი, ძალა) – ეს არის სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
დემოკრატია ხალხის მმართველობის სინონიმია და როგორც ასეთი, განსხვავდება ერთი (მონარქია, ავტოკრატია), ან რამდენიმე პირის (არისტოკრატია, ოლიგარქია) მმართველობისაგან. დემოკრატიულია ის ქვეყნები, სადაც კანონმდებლობითაა დადგენილი, რომ მმართველთა უფლებამოსილებანი მართულთა თანხმობის შედეგია. ნებისმიერი დემოკრატიის დამახასიასიათებლი ნიშანია არჩევანის თავისუფლების პატივისცემა, რომელიც გულისხმობს ისეთი სამოქალაქო თავისუფლებების არსებობას, როგორიცაა გამოხატვის, სიტყვის და შეკრებების თავისუფლება. დემოკრატიულ გარემოში აუცილებელია, რომ არსებობდეს ხელისუფლების დაყოფა და მისთვის მინიჭებული ძალაუფლების შეზღუდვა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, წარმატებული ეკონომიკური განვითარება, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა, საზოგადოებრივი განხეთქილებების არარსებობა, ტოლერანტობა და სხვა.
დემოკრატიას ხშირად აიგივებენ უმრავლესობის მმართველობასთან, რისი დამადასტურებელიც, თითქოსდა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებია. თუმცა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, უმრავლესობის მმართველობა შესაძლებელია ძალიან სასტიკი აღმოჩნდეს ცალკეული ადამიანებისა და სხვადასახვა სახის უმცირესობათა მიმართ. სწორედ უმრავლესობამ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი სოკრატეს, რაც ათენის პოლიტიკურ წყობას დადებითად არ ახასიათებს. ქართული სინამდვილიდან თუ ვიმსჯელებთ ფაქტია ისიც, რომ დემოკრატიის
და სახალხო კეთილდღეობის ლოზუნგებით მოსულმა ბოლშევიკებმა საშინელი დიქტატურა დაამყარეს, რომელიც შემდგომ უფრო აუტანელ მარაზმში გადაიზარდა და მივიღეთ სტალინის, ანუ ე. წ. ბელადის კულტი.
ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი ზღუდავენ უმრავლესობის ძალაუფლებას. შეზღუდული ძალაუფლების პრინციპი ხშირად წარმოგვიდგება, როგორც კონსტიტუციურობის პრინციპი. ჩვენს დროში ეს პრინციპი ასახულია კონსტიტუციის თავებში - ეს ის თავებია, რომლებშიც მოცემულია ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი. ისინი პირველ რიგში კანონმდებლების ძალაუფლებას ზღუდავენ, ვინაიდან არ აძლევს მათ საშუალებას გააუქმონ აზრის გამოხატვის თავისუფლება, ან საკანონმდებლო წესით დაუშვან ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვაა. ამრიგად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი უმრავლესობის ძალაუფლების ზღვარს აწესებენ.
ზოგადად, დემოკრატიის დონე მით უფრო მაღალია, რაც უფრო შეზღუდულია ელიტის პოლიტიკური ძალაუფლება და რაც მეტად მაღალია ფართო სოციალური ფენების გავლენა. ნებისმიერ შემთხვევაში იგი სახალხო სუვერენიტეტს უნდა ეყრდნობოდეს.
ჩემი აზრით, დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოთა უპირატესობა ტოტალიტარულ რეჟიმებთან შედარებით, გამოიხატება ხელისუფლებასა და მოსახლეობის ფართო ფენებს შორის ინტერესების თანხვედრის მეტი შესაძლებლობებით, როდესაც მოქალაქეებს შეგნებული აქვთ, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება მიმართულია მათ საკეთილდღეოდ. ამავდროულად, სახელმწიფოს ამოცანების შესრულებას აქვს არა იძულებითი, არამედ შეთანხმებითი ხასიათი.
მიუხედავად ცალკეული პრაქტიკის, გამოცდილებისა და განმარტებებისა, დემოკრატიის ავთენტური, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი საზრისი ჯერ კიდევ არ არსებობს.
რაც შეეხება დემოკრატიის უმთავრეს ნაკლოვანებასა და უარყოფით მხარეს, ჩემი აზრით ის ძალიან მარტივად შესამჩნევი და საყურადღებოა ზედაპირზევე მოცემული პორტრეტით.
მე ვფიქრობ, რომ იგი არ არის სრულიად ჩამოყალიბებული და კარგად განსაზღვრული ფენომენი, როგორც ამას ზოგადად მიიჩნევენ. ფილოსოფიური თვალსაზრისით, ფაქტობრივად, დემოკრატია აშკარად ჩამოუყალიბებელი კონცეფციაა. უმთავრესად კი, რის გამოც მას ვაკრიტიკებ, მასში არსებული პარადოქსია, ანუ: თუკი ადამიანთა უმრავლესობა ანტიდემოკრატიულ მთავრობას მოისურვებს, დემოკრატია მყისვე შეწყვეტს არსებობას. ხოლო თუ დემოკრატიის მოსპობას დაუპირისპირდები, მაშინ უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მიდიხარ. ამდენად, დემოკრატია პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ არსებობდეს და იგი მხოლოდ უტოპიური თეორიაა. ამის კლასიკური მაგალითია ქვეყანა, სადაც წარმოდგენილია ერთი დომინანტი რელიგიის უმრავლესობა და სადაც ერთ პარტიას ხელისუფლებაში მოჰყავს რელიგიური ლიდერები, რითაც უარყოფს სახელმწიფოს საეროობის პრინციპს და დემოკრატიული მეთოდით ამკვიდრებს თეოკრატიას. აგრეთვე საგულისხმოა სემანტიკური ფაქტორიც, რაც ძალიან ხშირად არასწორად აღიქმება. სიტყვები: "დემოკრატია" და"თავისუფლება" არ წარმოადგენენ სინონიმებს. ყოველი პოლიტიკური სისტემა შეიძლება იყოს დემოკრატიული, ან არადემოკრატიული და ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში შეიძლება არსებობდეს ან არარსებობდეს თავისუფლება. ე.ი. ეს ორი სიტყვა სრულებით არ უწყობს ერთმანეთს ფეხს. ასე რომ სიტყვა თავისუფლების გამოყენება უზენაეს ხარისხში შესაძლოა დემოკრატიისა დათავად ადამიანის ღირსების სამარხად იქცეს. ალბათ, იმისათვის რომ გზა არ გაეხსნას საშიშ და საყოველთაო მონოკრატიულ ძალაუფლებას, ხელისუფლება უნდა იყოს სუბსიდიური ტიპის.
გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი), პუბლიცისტი,
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი