საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა
საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. აღნიშნულ საკითხზე პროკურატურის წარმომადგენელმა "თბილისი მერიოტში" გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.
კონფერენხცია საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა გახსნა.
"ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავ უწყებასთან ერთად გაერთიანდანენ სხვა სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რამეთუ ოჯახური დანაშაული პრევენცია და მასთან ბრძოლა არ არის დამოკიდებული მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურ მუშაობაზე. თითოეული ჩვენგანი უნდა გავერთიანდეთ ამის წინააღმდეგ", - აღნიშნა ბადაშვილმა.
ბადაშვილის თქმით, ოჯახური დანაშაული სამართალდამცავი ორგანოების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარ გამოწვევად იქცა.
"ხშირად ისმის მოსაზრებები ამ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების შესახებ. საზოგადოების ნაწილი ოჯახური ძალადობის მთავარ მიზეზად წარმოაჩენს სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტურ მუშაობას, ხოლო მეორე ნაწილი პრევენციული ღონისძიების აქტიურად გამოყენების და საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობაზე საუბრობს. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არის ფესვგადგმული აზრი იმის შესახებ, რომ ოჯახური კონფლიქტი ოჯახში უნდა დარჩეს, ოჯახში უნდა მოგვარდეს, არ უნდა გასცდეს მის ფარგლებს და მიუღებელია ამგვარ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვა. ეს ცალსახად არის არასწორი მოსაზრება და დამოკიდებულება კონკრეტული პრობლემის მიმართ. ჩვენი მიზანია საზოგადოების ამგვარი ცნობიერების შეცვლა. ამ მიზნით ჩვენთან ერთად თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორციელებაში", - განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.