სახალხო დამცველი: ლოპოტას სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა რაოდენობა არსებული მონაცემებისგან განსხვავდება!
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ლოპოტას სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა რაოდენობა პირველადი მონაცემებისგან განსხვავდება.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი დასაწყისში შეიარაღებული ჯგუფიდან საუბარი იყო 11 ადამიანზე, ხოლო ბოლო მონაცემებით მხოლოდ და მხოლოდ 7 ადამიანი იკვეთება.
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებული არაერთი სავარაუდო ნივთმტკიცება დღემდე არ არის ამოღებული.
როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა აღნიშნულ ანგარიშში ძალიან ბევრ დარღვევაზეა საუბარი. საგამოძიებო ორგანოებისადმი მთავარი მიმართვა არის ის, რომ ეს გამოძიება არ არის ეფექტური და გაჭიანურებულია.
"ის, რომ თუნდაც შეიარაღებული ჯგუფი არ შემოსულა ჩრდილოეთ კავკასიიდან, ეს უკვე ჩვენთვის ფაქტია იმ მასალებიდან, რომელიც გადმოგვეცა. გარდა ამისა, არცერთ გარდაცვლილს, როგორც შეიარაღებული ჯგუფიდან, ასევე სამართალდამცველთა მხრიდან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია, ხოლო ექსჰუმაციის შედეგები ოჯახისთვის არ არის ცნობილი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის თქმით, რაიმე ვერსიას, თუ რა მოხდა 2 წლის წინ ლოპოტას ხეობაში, საზოგადოებას ვერ სთავაზობს და ეს არის პროკურატურისა და შსს-ს ფუნქცია.
"მაგრამ ჩვენ კონკრეტულ დასკვნამდე მივედით. დეტალები ძალიან ბევრია. თუნდაც ის, რომ გარდაცვალებულთა რაოდენობა განსხვავდება იმ ვერსიისგან, რომელიც თავიდან იყო გაჟღერებული. ანუ თავიდან საუბარი იყო შეიარაღებული ჯგუფიდან 11 გარდაცვლილზე, დღევანდელი მონაცემებით კი 7 იკვეთება", - განაცხადა ნანუაშვილმა.