ზაქარია ქუცნაშვილი: ვეტოს გამოყენების უფლება შეზღუდული უნდა იყოს!

ზაქარია ქუცნაშვილი: ვეტოს გამოყენების უფლება შეზღუდული უნდა იყოს!

  კანონპროექტისთვის ვეტოს დადებით საქართველოს პრეზიდენტი  შეეცადა, საქართველოს პარლამენტისთვის კანონების შინაარსი ეკარნახა. აღნიშნული განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ზაქარია ქუცნაშვილმა რეპორტიორის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაე გააკეთა. 


"მიიღო ის, რომ პარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ერთი, მცირე ჯგუფის გარდა, იყო განცვიფრებული და  ასეთი ტერმინი გამოიყენეს სიტუაციის შეფასებისას - იმედგაცრუებული!"- აღნიშნა ქუცნაშვილმა.

 ქუცნაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებში  ვერ იყო მითითებული  კონსტიტუციის ვერც ერთი ნორმა, რომელიც მიღებულ კანონს ეწინააღმდეგებოდა.

"მინდა, დავსვა ასეთი კითხვა - აქვს კი პრეზიდენტს უფლება, კანონების შინაარსში ჩაერიოს? კონსტიტუციური რეფორმის კვალობაზე, როცა პრეზიდენტი აღარ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, რომელიც აღარ ახორციელებს და აღარ წარმართავს ქვეყნის პოლიტიკას, რამდენად აქვს იმის უფლება, რომ ჩაერიოს კანონების შინაარსში და გამოთქვას შენიშვნები კანონების თაობაზე?!

მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებში ვერ იყო მითითებული კონსტიტუციის ვერც ერთი ნორმა,  რომელიც ეწინააღმდეგებოდა მიღებულ კანონს. ამიტომაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი ვეტო გამოყენებული იყო მიზანშეწონილობით და არა კონსტიტუციის რომელიმე მუხლის დარღვევის მოტივით.

იმ პირობებში, როცა პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკის ხელმძღვანელი და პოლიტიკის წარმმართველი, პრეზიდენტის ვეტოს უფლება შეზღუდული  უნდა იყოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით.

პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება, ამას არ უარვყოფთ, რადგან ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ამ უფლების გამოყენების საფუძვლები უნდა იყოს კანონის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლა, მისი ვარაუდი, რომ კანონი კონსტუტუციის რომელიმე დებულებას ან რომელიმე მუხლს ეწინააღმდეგება და არა მიზანშეწონილობის მოტივით.  მეტი სიცხადისთვის - მიზანშეწონილობა ნიშნავს  - არჩევანს ორ ვარიანტს შორის, კონსტუტუციური წინააღმდეგობა კი ნიშნავს იმას, რომ - ეწინააღმდეგება კონსტუტუციის რომელიმე დებულებასა ან  რომელიმე მუხლს. თუ პრეზიდენტმა მიზანშეწონილობის მიხედვით დაიწყო ვეტოს გამოყენების უფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი პარლამენტს დაუწყებს საკანონმდებლო პოლიტიკის კარნახს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: