"ქართული ოცნების" დელეგაცია ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტს იწყებს
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დელეგაცია დღეიდან ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტს იწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"2 დეკემბერს, ჰოლანდიაში, ქ. ამსტერდამში, კახა კოხრეიძე და თამარ კორძაია "დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპული ფორუმის" http://www.europeanforum.net წარმომადგენლებს, მათ შორის, გენერალურ მდივან არიენ ბერქვანსს შეხვდებიან.
3 დეკემბერს, ბრიუსელში შეხვედრები ევროპარლამენტში შედგება. პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს: კატი პირსა და კლარ მუდსს, ასევე სოციალ - დემოკრატთა სამდივნოს წევრებს შეხვდებიან.
4 დეკემბერს, ლისაბონში დელეგაციას გიორგი ვოლსკი და დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდებიან. ორი დღის განმავლობაში დელეგაციის წარმომადგენლები პროგრესული ალიანსის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებთან.
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტი 6 დეკემბერს დასრულდება,"- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.