ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი გაიმართება.
სამივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის 333 მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრიუვი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ხოლო ბაჩო ახალაიას ბრალდება დაუმძიმდა და მას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასთან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილითაც წაუყენეს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
დაკავებულთა ადვოკატების ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს. ისინი დეტალებს არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაია არც ერთი მუხლის შემთხვევაში ბრალს არ აღიარებს.
ამასთან, ბრალს არც გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი და მეოთხე ბრიგადის მეთაური აღიარებენ.
დაკავებულებს ბრალი გუშინ წარედგინათ. 24 საათის განმავლობაში კი – მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ.
შეგახსენებთ, შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია, პროკურატურაში დაკითხვაზე 6 ნოემბერს 20:30 წუთზე გამოცხადდა, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ კი ის სამართალდამცველება დააკავეს, რაც შეეხება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მეოთხე ბრიგადის მეთაურს, მათი დაკავება 7 ნოემბერს გამთენიისას მოხდა.
ამ დრომდე უცნობია, სასამართლო პროცესი რომელ საათზე დაიწყება.