თეა წულუკიანი: ვცდილობთ ევროპული ქვეყანა ავაშენოთ!
"ცალი ხელით ვცდილობთ, რუსულ აგრესიას და ტანკებს გავუმკლავდეთ და მეორე ხელით ავაშენოთ ევროპული ქვეყანა", - აღნიშნული განცხადება განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გერმანიის ბუნდესტაგში გამართული შეხვედრებისას.
"დღეს ჩვენ ცალი ხელით ვცდილობთ, გავუმკლავდეთ რუსულ აგრესიას და ტანკებს, რომლებიც დედაქალაქიდან 20 კილომეტრში დგანან და მეორე ხელით ავაშენოთ ევროპული ქვეყანა. ეს არ არის რომელიმე მინისტრის ან, გნებავთ, მთავრობის არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის მიერ დიდი ხნის წინ გაკეთებული არჩევანი, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გადაუხვევს", - განაცხადა მინსტრმა.
მისი თქმით, თუკი ევროპა საქართველოს უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული საზღვარი გადმოიწევს საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარზე, რაც უფრო დაცულ შუაგულ ევროპას გულისხმობს.
როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, საქართველოში ინსტიტუტები არის ძლიერი, საზოგადოება არის ღია და ეს არის ერთადერთი იარაღი, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქვს საქართველოს.
"ძლიერი ინსტიტუტები, რომელთაც საქართველოში ვაშენებთ, რეგიონის უსაფრთხოებისთვის უალტერნატივოა. ჩვენ აგრესიის წინააღმდეგ არანაირი სხვა იარაღი არ გაგვაჩნია. სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და ახორციელებს აფხაზეთის ანექსიას. ჩვენ გვჭირდება თქვენი ძლიერი მხარდაჭერა იმისათვის, რომ რუსეთის ეს ქმედებები ცივილიზებულმა სამყარომ მკაცრად გააკრიტიკოს. მადლობლები ვართ ქალბატონი მერკელის, რომელმაც დაგმო რუსეთის ეს ნაბიჯი და მოხარულები ვიქნებით, თუკი ბუნდესტაგიც იმავეს გააკეთებს. იცოდეთ, რომ თქვენი თითოეული ასეთი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველო არ შეიძლება დარჩეს მარტო რუსეთის პირისპირ" , - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ კარინ შტრენცს და ევროპის კომიტეტის მომხსენებელ კრისტიან პეტრისს შეხვდა.
იუსტიციის მინისტრისა და სამინისტორს დელეგაციის საინფორმაციო ვიზიტი გერმანიაში GIZ-ის პროგრამის - "სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში" და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფარგლებში მიმდინარეობს. მინისტრთან ერთად ბერლინში შეხვედრებს მართავენ მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. ვიზიტი გერმანიაში 6 დეკემბერს დასრულდება.