ქართველი ჯარისკაცები ავღანეთიდან დაბრუნდნენ
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ავღანეთში ISAF-ის მისია დაასრულა.
23-ე ბატალიონის ბოლო ნაკადი 246 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით სამშობლოში წუხელ გვიან ღამით დაბრუნდა. მათ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დახვდნენ და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
ვიცე-პოლკოვნიკ რომან ჯანჯულიას მეთაურობით, 23-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაცია დანაკარგის გარეშე დაასრულა.
ქართველი სამხედროები შვიდი თვის განმავლობაში მისიას ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებდნენ. მათი მთავარი ამოცანა პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იყო.
ამჟამად ავღანეთში მისიას მე-12 ბატალიონთან ერთად, მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი შეასრულებს, რომელიც საერთაშორისო ოპერაციაში მეორედ იღებს მონაწილეობას.