მთავრობის სხდომას გიგი უგულავა დაესწრება
დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დედაქალაქის მერს გიგი უგულავასაც ელოდებიან.
მთავრობის მიერ სოციალური შეღავათების მოხსნასთან დაკავშირებით განმარტების მისაღებად შესაძლოა, უგულავა სხდომაზე მივიდეს.
"თუ აუცილებლობა და საჭიროება იქნება, პირადად ვგეგმავ მთავრობის სხდომაზე მისვლას იმისთვის, რომ უფრო ოპერატიულად მოხდეს იმ საკითხის განხილვა, რაც ბოლო ერთი კვირაა აქტუალურია", _ ამბობს უგულავა.
მისი თქმით, დადგენილებამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მოაწერა ხელი, პრაქტიკულად საკანონმდებლო ვაკუუმში მოაქცია 600 ათასი თბილისელის სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათი. უგულავას განცხადებით, მერიამ მთავრობას რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა.
"მე მესმის, რომ მთავრობას შეიძლება დღის წესრიგში ბევრი საკითხი ჰქონდეს, მაგრამ ეს საკითხი მთავრობამ უნდა განიხილოს. როგორც ვიცი, მთავრობის სხდომა დღეს არის დანიშნული და დღეს დავესწრები თუ შემდეგზე, ეს გადაწყვეტილება სიტუაციიდან გამომდინარე იქნება მიღებული", - განაცხადა უგულავამ.