ახალი პროექტი შშმ პირთათვის
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღეს 3 დეკემბერს, ამიერკავკასიაში ერთადერთ სოციალურ კაფეში "რეას ციყვები", სადაც მენტალური განვითარების პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების პირები არიან დასაქმებულნი, პროექტის "რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაციის" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო. ამავე დღეს ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის და თანადგომის მემორანდუმი და მოხდა კლუბ "ტრირეას" წარდგენა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ეთნომუსისკის თეატრ "მთიების" წარმომადგენლებთან და ბავშვთა ფოლკლორულ სტუდია "ამერ–იმერთან" ერთად მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იქნა ასევე შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვაც.
მედია პალიტრისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი "რეალობა, რეაქცია, რეაბილიტაცია" ერთი წლის მანძილზე განხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაიწყება ფოტოგადაღება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, თსსუ–ის სტუდენტები, მედია პალიტრის ჟურნალისტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ერთი წლის შემდეგ ფოტო პროექტი დასრულდება გამოფენით.