დავით საგანელიძე: რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში საელჩოების დაკომპლექტების საკითხი გადასახედია!
უკრაინაში, საქართველოს საელჩოების დაკომპლექტების საკითხი გადასახედია. განცხადება ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ გააკეთა.
"უკრაინაში საქართველოს ელჩად ზვიად ჯანყარაშვილის შესაძლო დანიშვნის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და არ ვიცი, საიდან მოდის აღნიშნული ინფორმაცია. შემიძლია გითხრათ ის, რომ ნებისმიერი კანდიდატურა შეიძლება იყოს განხილული. მიმაჩნია, რომ უკრაინაში უფრო დიპლომატიური გამოცდილების მქონე პირებზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი. უკრაინაში საქართველოს მოქმედი ელჩის შეცვლის საკითხი ჩემთან ნამდვილად არ დამდგარა. არ ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე რას ფიქრობს, თუმცაღა ჩემი, ერთი ადამიანის აზრია, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ჩვენი საელჩოების დაკომპლექტების საკითხის გადახედვა მოგვიწევს. ის, რომ დღეს უკრაინაში გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, სახეზეა, თუმცა, ანალიზია საჭიროა, რამდენად იყო ეს საელჩოზე დამოკიდებული", - განაცხადა დავით საგანელიძემ.